29.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ღრუბელა კახური

რუხყურძიანი საღვინე ვაზის იშვიათი ჯიშია.

სინონიმი: ღრუბელა ყურძენი, ღრუბელა მეტეხური.

წარმოშობა: კახეთი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ-ოვალური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა თხელი აბლაბუდისებრია, აბლაბუდის ქვეშ საშუალო სისქის ჯაგრისებრი შებუსავაა. ქვედა იარუსის ფოთლებზე შებუსვა სქელი ქეჩისებრი ხდება. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური ფორმის, ხშირად დატოტვილი. იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევნებიც გვხდება. მტევნები საშუალო
სიკუმსისაა ან კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ შეზნექილი, რუხი-იისფერი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია. სასიამოვნო გემოთი.

ღრუბელა კახური საშუალო ზრდისა და საშუალო ან საშუალოზე დაბალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 128 დღიდან 168 დღემდე მერყეობს. მტევნის საშუალო წონა 170-255 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4,5-5,5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5-6 გ/ლ-ს.

მიიღება მწვანე-ჩალისფერი, მსუბუქი, მცირესხეულიანი სუფრის მშრალი ღვინო სუსტად განვითარებული ჯიშური არომატით.