19.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ქვევრში გადანახული უძველესი გემო და სურნელი

ბერების ღვინო ” ალავერდის მონასტრის მარნის ათასწლოვანი ბრენდია, რომელსაც მონასტრის ძმობა XI საუკუნის მარანში, კახური ენდემური ვაზის ჯიშებისაგან თიხის უნიკალურ ჭურჭელში- ქვევრში აყენებს. ალავერდის სამეფო მონასტერი ქვევრ-მარნით ოდითგან ცნობილია.

ალავერდის მონასტრის ისტორია VI საუკუნიდან იწყება. მონასტერი კახეთში, კავკასიონის ბუმბერაზი მთების ძირში, მდინარე ალაზნის დასავლეთით, ნაყოფიერ ველზე მდებარეობს, რომელიც კახეთ-ჰერეთის მეფეთა სალოცავი, წმინდანთა და მონაზონთა სამოღვაწეო და საცხოვრებელი ადგილია.

არქეოლოგებმა ალავერდის მონასტრის ეზოში VIII-X საუკუნის უძველესი მარნის ნაშთი აღმოაჩინეს, რომელიც სხვადასხვა ზომის ქვევრებით არის გაწყობილი. XI საუკუნეში მეფე კვირიკე დიდმა ალავერდის წმინდა გიორგის საკათედრო ტაძართან ერთად სამეფო მონასტრისათვის შესაფერი, დიდი მარანი ააგო.

2006 წელს დაიწყო ამ უძველესი მარნის არქეოლოგიური შესწავლა,რომელმაც 60 ტონა ღვინის ტევადობის ორმოცდაათამდე ქვევრი გამოავლინა.აქ აღმოჩენილი ქვევრები ნატიფი მოყვანილობით და მიწაში ჩაფვლის განსაკუთრებული წესით გამოირჩევა.

XI საუკუნის მარნის აღდგენითი სამუშაოები კომპანია “ბადაგონის” ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. განახლებული მარანი 2006 წლიდან ამოქმედდა. ღვინის კულტურის ეს უძველესი კერა ტრადიციული კახური ტექნოლოოგიით დაყენებული ქვევრის ღვინის “ოქროს საბადოდ” იქცა, რომელიც XXI საუკუნეში ახალი სიცოცხლით გაბრწყინდა.

ქვევრში ღვინის დამზადება უძველესი ქართული ტრადიციაა. იგი საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა.ისტორიული ტრადიციის და ტექნოლოგიის დაცვით, ალავერდის მონასტრის მარანში აღდგა და აღორძინდა ქვევრში კახური ტიპის ღვინის წარმოება. მასში ამ ადგილისათვის დამახასიათებელი კლიმატის, ჰაერის და მიწის სურნელია მოქცეული.. რაც ღვინის განსაკუთრებულ არომატს, გემოს ხავერდოვნებას, მაღალ ანტიოქსიდანტურ და სხვა სამკურნალო თვისებებს განაპირობებს.

ბერების ღვინოში უძველესი დროიდან დღემდე ღვთის მიმართ აღვლენილი სადიდებელია მოქცეული.ღვინო გეხმარება განიკურნო სულითა და სხეულით,მადლობა შესწირო შემომქმედს,ილხინო,ისიამოვნო ეზიარო ქართველ მეფეთა დიდებულებას და მონაზვნების უბრალოების მადლს.