22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ქისტაურული წითელი

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სინონიმები: ქისტაურული საღვინე, ქისტაურული ღვინის, ქისტაურული წითელი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ხუთნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარეს სუსტადაა დაფარული აბლაბუდისებრი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, იშვიათად მომრგვალო, მუქი ლურჯი შეფერილობის, თითქმის შავი ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი თხელი აქვს, რბილობი ხორციანი და წვნიანი, წვენი ღია-ვარდისფერად შეფერილი. გემო – სასიამოვნო და ჰარმონიული.

ქისტაურული წითელი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 138-150 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის. მტევნის წონა 160-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-7,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18,7-22,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5,5 – 7,5 გ/ლ-ს. გამოიყენება სუფრის ხარისხიანი წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად და ადგილობრივ წითელყურძნიან ჯიშებთან საკუპაჟედ.