29.03.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მცვივანი ადრეული

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

ზრდასრულიფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელ აბლაბუდისებრად, ჯაგრისებრი შებუსვა. შეიმჩნევა მხოლოდ ძარღვების გასწვრივ. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური და ცილინდრულ-კონუსური ფორმის, უმეტესად მხრიანი, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ელფერის. კანი თხელი და გამჭვირვალე აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, მომწკლარტო. წიპწები გარსშია მოქცეული.

მცვივანი საშუალო ზრდისაა. მისი სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 153 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევარში შედის. მტევნის წონა 100-140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10,0-14,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22 %-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო საშუალო ღირსებისაა, მსუბუქი, საშუალოსხეულიანი. გემო ჰარმონიული აქვს, ჯიშური არომატით. გამოიყენება საკუპაჟე ღვინო-მასალად და საბრენდე სპირტის მისაღებად.