25.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ინგილოური

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სინონიმები: ასანბეგურა, ხასანბეგურა.

თავისი ამპელოგრაფიული ნიშნით ძალიან ახლოს დგას კახეთის თეთრი ვაზის ჯიშებთან. ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით „ინგილოური“ სადაურობის მაუწყებელი სახელების ჯგუფს უნდა ეკუთვნოდეს. ამ მოსაზრებით ეს ჯიში საქართველოს ყოფილი ტერიტორიის, ჰერეთის (საინგილო) ვაზის ჯიშთა სიაშია შეტანილი. ინგილოური მცირე ნარგავების სახითაა თელავის, ახმეტის, იყალთოს, რუისპირის, ქისტაურის ვენახებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი, იშვიათად  ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სისქის აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან კონუსურ-ცილინდრული ფორმის, იშვიათად მხრიანი, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ მეჩხერი. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდია, ოდნავ ოვალური, იშვიათად მომრგვალოც, მოქარვისფრო-მოყვითალო და ოდნავ მოვარდისფრო ელფერით. თხელკანიანია და ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი წვნიანია, ოდნავ მკვრივი. გემო ტკბილი და სასიამოვნო აქვს. კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.

ინგილოური საშუალო ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე დაახლოებით 146 დღეა. სრულ სიმწიფეში 10-დან 20 სექტემბრამდე შედის. მტევნის წონა 100-270 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5,6-7, ტონამდე მერყეობს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-9 გ/ლ-ს.

მიიღება საშუალო ღირსების ევროპული ტიპის სუფრის თეთრი ღვინო. იგი ქარვისფერია, გამჭვირვალე და ჰარმონიული. მისი გამოყენება შეიძლება საკუპაჟე მასალად, სხვა ჯიშური ღვინოების გემური თვისებების, არომატისა და სინაზის გასამდიდრებლად.