03.12.2020

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

გორული მწვანე (ქართლი)

სინონიმები: მწვანე, სურამულა, ქვიშხურა, თბილური, თეთრფოთოლა და სხვ. ქართული თეთრყურძნიანი სტანდარტული ვაზის ჯიშია. 2004 წლის აღწერის მონაცემებით, გორულ მწვანეს რესპუბლიკაში 224 ჰა ფართობი უჭირავს. აქედან, ყველაზე დიდი რაოდენობით შიდა ქართლში (131ჰა) და იმერეთშია (69ჰა) გავრცელებული. მცირე ნარგავების სახით კი – რაჭა-ლეჩხუმსა (3ჰა) და სამაჩაბლოში (4ჰა). ფოთოლი საშუალოზე დიდია,
მომრგვალო ან ოდნავ განივ-ოვალური ფორმის. უფრო ხშირად განტოტვილი,
ფრთიანი, თხელი ან საშუალოდ კუმსი, ხუთნაკვთიანი, ქვედა მხარეს ქეჩისებ-რად დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ გაბრტყელებული, ღია-მწვანე, მზის მხარეს მოყვითალო-მოვარდისფრო ელფერით. კანი სქელია და რბილობს ადვილად სცილდება. აქვს საკმაოდ ხორციან-წვნიანი რბილობი, ტკბილი, ხალისიანი, მომჟავო გემოთი. ვაზი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა და უხვმოსავლიანი (8 ტ/ჰა). სოკოვანი დაავადებების მიმართ ნაკლები გამძლეობით გამოირჩევა. სრულ სიმწიფეში ყურძენი ოქტომბრის პირველ დეკადაში შედის და მიეკუთვნება საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს. შაქრიანობა 21,6-22,5% ფარგლებში მერყეობს და საკმაოდ მაღალმჟავიანია – 10,9-9,1 გ/დმ3. ზოგიერთ რაიონში (სოფ. დიღმის ვენახებში) 24%-მდე და მეტ შაქარსაც კი აგროვებს, რაც ჯიშისგან მაღალხარისხოვანი სადესერტო ღვინის დამზადების საშუალებას იძლევა. გორული მწვანე, როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის (ცქრიალა ღვინოების) მომცემი სტანდარტული ჯიში, პერსპექტიულია ქართლის, გარე-კახეთისა და მესხეთის მევენახეობის რაიონებისთვის.