22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ხიხვი

სინონიმები: ჯანანურა, ხიხვი (მწვანე).

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

ივანე ჯავახიშვილმა ჯიშის ხნიერების განსაზღვრისათვის სახელწოდებათა ენობრივი ანალიზი გამოიყენა და დაადგინა, რომ ხიხვი რქაწითელზე უფრო ხნიერი ჯიშია, ხოლო მისი წარმოშობა დაახლოებით ჩვენი წელთაღრიცხვის III-IV საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრად და ჯაგრისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირეა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი. მხრების სიგრძე ხშირად მტევნის ნახევარს აღწევს. მეჩხერია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, ძირითადად მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური ფორმის მარცვლებიც გვხდება მომწვანნო-მოყვითალო ელფერით, მზის მხარეს სიდამწვრის ლაქებით. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია, ძალიან სასიამოვნო გემოთი და გამოხატული ჯიშური არომატით. წვენი უფერულია.

ხიხვი საშუალო ზრდით გამოირჩევა, ხოლო მისი მოსავლიანობა საშუალოზე მცირეა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 145 დღეა. მტევნის წონა 80-250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-6,5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 26-27%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5,2-8,3 გ/ლ-ს.

მისგან მზადდება მაღალხარისხიანი, ევროპული სუფრის თეთრი, მშრალი და კახური სუფრის ღვინოები. ევროპული სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე, სასიამოვნო ჯიშური არომატით, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემოთი. კახურად დაყენებული კი – მუქი ჩალისფერია, საკმაოდ სხეულიანი, სრული და ჰარმონიული.