22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ცოლიკოური

ცოლიკოური ადგილობრივი სტანდარტული ვაზის ჯიშია. იგი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში და იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის თეთრ და ბუნებრივად ნახევრადტკბილ სადესერტო ღვინოს.
ცოლიკოური სამრეწველო იმერული ვაზის ჯიშია, იგი გამოსულია კულტურულ ვაზის ჯიშების ფორმათა წარმოქმნის კოლხეთის კერიდან. თავისი მორფოლოგიური და სამეურნეო ნიშან-თვისებების მიხედვით იგი მეტად ახლო დგას დასავლეთ საქართველოს მთავარ საწარმოო ვაზის ჯიშებთან.
შემდეგი ცნობა ცოლიკოურის შესახებ მოეპოვება ცნობილ სპეციალისტს ვ. სტაროსელსკის, რომელსაც საკმაოდ ვრცლად აქვს აღწერილი ჯიში ცოლიკოური, დასახელებულია მისი გავრცელების ადგილები, სახელდობრ, სოფლები: ბაზალეთი, ლაშე, თეთრაწყარო და აგრეთვე სოფ. ობჩა, სადაც ცოლიკოური “ობჩურის” სახელწოდებით არის ცნობილი.
ძველად ბაზალეთური ცოლიკოურის ღვინო დიდი პოპულარობითა და სახელით სარგებლობდა. აღნიშნული მონაცემებისა და მოყვანილი მოსაზრებების საფუძველზე შეიძლება დადასტურებულად ჩაითვალოს, რომ ეს ორი ჯიში სულ სხვადასხვაა. მათგან პირველი – ბაზალეთური ცოლიკოური უდავოდ უძველესი ჯიშია და მას უნდა მიეკუთვნოს ის ისტორიული სახელი, რომელიც მოხსენებულია შედარებით ძველ (ილ. ბახტაძე, ვ. სტაროსელსკი, ) სასოფლო სამეურნეო ლიტერატურაში, ხოლო მეორე – ობჩური ცოლიკოური შედარებით უფრო ახალი ჯიშია და სოკოვან ავადმყოფობათა შემოჭრის შემდეგ არის გამოვლენილი, როგორც ჭრაქისა და ნაცრის მიმართ შედარებით გამძლე, მოსავლიანი და ხარისხოვანი პროდუქციის მიმცემი ჯიში, რომელმაც მალე მიიპყრო მევენახეთა ყურადღება და მოიპოვა ფართო გავრცელება.
მართლაც, ცოლიკოური უნივერსალური ჯიში გახდა დასავლეთ საქართველოს მშრალი და ტენიანი რაიონის თითქმის ყველა (სერი, ბარი) ადგილისათვის. გავრცელების არეალისა და ვენახების ფართობის სიდიდის მიხედვით ცოლიკოურს რქაწითელის შემდეგ პირველი ადგილი უჭირავს საქართველოში.

ბოტანიკური აღწერა
ჯიში აღწერილია ბაღდადის რაიონში სოფ. ობჩის ვენახში. უფრო დეტალურად იგი შესწავლილი და შემოწმებული იყო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, ქ. თელავში. ობჩაში ვაზი გაფორმებულია ქართული წესით სარზე, ხოლო ინსტიტუტის ნაკვეთზე სარ-მავთულზე შპალერული წესით.
ახალგაზრდა ყლორტი. ახალგაზრდა მოზარდი (15-20 სმ სიგრძის) ყლორტის წვერები დაწყებული გვირგვინიდან, მეორე ზოგჯერ მესამე, ჯერ კიდევ გაუშლელ ფოთოლაკის ჩათვლით შებუსვილია სქელი ქეჩისებრი აბლაბუდით და აქვს მორუხო-თეთრი ფერი, სუსტი მოვარდისფრო იერით. მესამე ფოთოლაკიდან შებუსვა ზედა მხრიდან მცირდება და ფოთოლაკები მომწვანო-მოყვითალო ფერისა ხდება, მონარინჯისფრო იერის გადაკვრით. ფოთლები ქვედა მხარეს სქელი ქეჩისებრ შებუსვას და მორუხო თეთრ ფერს ინარჩუნებს თითქმის მე-4 მე-5 ფოთლამდე.
ერთწლიანი რქა. ერთწლიანი კარგად შემოსული რქა შემოდგომით მუხლთაშორისების გასვწრივ მოყავისფრო-ყვითელი ფერისაა, ხოლო მუხლები მუქი მიხაკისფერია. მუხლთაშორისების სიგრძე მერყეობს საშუალოდ 8-დან 16 სმ-მდე და საშუალოდ 10-12 სმ უდრის.
ფოთოლი. კარგად განვითარებული შუა იარუსის (9-12) ფოთლები საშუალოზე დიდი ზომისაა, ფორმით მომრგვალო; ფოთლის სიგრძე მერყეობს საშუალოდ 18-დან 22 სმ-მდე, ხოლო განი 17-დან 21 სმ-მდე. ფოთლის ფირფიტა უფრო ხშირად სამნაკვთიანი, მთლიანი ან თითქმის დაუნაკვთავია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ხუთნაკვთიანი ფოთლებიც. ფოთლის ზედაპირი გლუვია. იშვიათად იგი ბადისებრ დანაოჭებულია, ქვედა ნაკვთების ბოლოები ოდნავ დახრილია ძირს. ფოთოლი მუქი მწვანე ფერისაა, ხშირად მისი ზედაპირი სწორია, რაც დამახასიათებელია ჯიშისათვის.
ზედა ამონაკვეთები უფრო ხშირად ზეზეურია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე საშუალო სიღრმის ამონაკვეთებიც. ამონაკვეთები პარალელურგვერდებიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად გვხვდება ელიფსური ან შეჭრილი კუთხისმაგვარი ამონაკვეთებიც. ამონაკვეთების ფუძე ჩვეულებრივ წამახვილებული ან იშვიათად მომრგვალოა. ქვედა ამონაკვეთები – ნაკლებად განვითარებული და ზეზეურებია. ზოგჯერ ოდნავ შესამჩნევია ან შეჭრილი კუთხისმაგვარია. ხშირად ქვედა ამონაკვეთები სულ არაა გამოსახული.
ყუნწის ამონაკვეთი ღია, მახვილფუძიანია, ფორმით შვილდისებრი ან შევიწროებულყელიანი ჩანგისმაგვარია, იშვიათად გვხვდება მთლიანად დახურული უთვლო ამონაკვეთები ერთიმეორეზე გადასული ნაკვთების ბოლოებივთ. ფოთლის მთავარი ძარღვი მთავრდება მახვილწვერიანი, განიერფუძიანი, ოდნავ გვერდებგამოწეული სამკუთხედისმაგვარი კბილებით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე მახვილწვერიანი, ცალგვერდგამოწეული სამკუთხედისმაგვარი კბილებიც. ფოთლის გვერდითი კბილები უფრო ხშირად ხერხისკბილებისერ ცალგვერდგამოწეული სამკუთხედისებრია.
ფოთლის ქვედა მხარე შებუსვილია სქელი ქეჩისმაგვარი ბეწვებით, რომლის ქვეშ მოფენილია საკმაოდ სქელი ჯაგრისებრი ბუსუსი, ორივე ერთად ქმნის სქელ ქეჩისებრ შებუსვას. ფოთლის ყუნწი ოდნავ მოკლეა ან ფოთლის შუა ძარღვის სიგრძეს უდრის. ყუნძი მოწითალო ღვინისფერია, ხშირად ეს შეფერვა გადადის ფოთლის მთავარ ძარღვებზედაც, უფრო ხშირად მათი განტოტვის ადგილის მახლობლად.ყვავილი. ნორმალური აგებულების ყვავილი ორსქესიანია. მტვრიანები სწორმდგომი ან ოდნავ გადახრილია გვერდზე.
მტევანი. მტევნები საშუალო ზომისაა. მათი სიგრძე მერყეობს საშუალოდ 14-დან 16 სმ-მდე. მტევნის ფორმა კონუსისებრი ან განიერ-კონუსისებრია, ხშირად მხრიანია. მხრების სიგრძე ძირითადად მტევნის სიგრძის ერთ მესამედს ან ნახევარს უდრის. იშვიათად გვხვდება აგრეთვე დატოტვილი უფორმო მტევნებიც. მტევანი საშუალო სიმკვრივის ან ოდნავ თხელია. ჯიშს ნორმალურზე მეტი ყვავილცვენა ახასიათებს. მტევნის ყუნწის სიგრძე მერყეობს საშუალოდ 3-დან 5 სმ-მდე. იგი ბალახისებურია, ხევდება და იღებს მოყვითალო მიხაკის ფერს.
მარცვლის ყუნწი ღია მწვანე ფერისაა, მისი სიგრძე საშუალოდ უდრის 5-6 მმ. ბალიში კონუსისებრი ფორმისაა და დაფარულია ყავისფერი ხორკლებით.მარცვალი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მისი სიგრძე საშუალოდ 1,5-დან 1,7 სმ-მდე, ხოლო განი 1,45-დან 1,65 სმ-მდე მერყეობს. მსხვილი მარცვლების სიგრძე 1,8-2,0 სმ, ხოლო განი 1,75-1,95 სმ აღწევს. მარცვლის ფორმა მომრგვალოა, იშვიათად შეზნექილი ან ოდნავ ოვალური ფორმის მარცვლებიც გვხვდება. მარცვალი სიმეტრიულია, შუაში განიერია და ბოლო მომრგვალებული აქვს. მარცვალი მომწვანო-ყვითელია და ყავისფერი ლაქები აქვს მზისკენ მიქცეულ მხარეზე. მარცვლის კანი სქელი და უხეშია, რომელიც დაფარულია საშუალო სისქის ცვილისებრი ფიფქით. რბილობი მკვრივი, წვნიანი, გემო ტკბილი სასიამოვნო აქვს. ჯიშური არომატი ძლიერ სუსტადაა გამოსახული.
წიპწა. მარცვალში წიპწების რაოდენობა მერყეობს 1-დან 4-მდე. საშუალოდ ერთ მარცვალზე 1,88 წიპწა მოდის. წიპწა განიერ-ოვალური ფორმისაა, მისი სიგრძე უდრის 7,5-8 მმ, ხოლო განი 4,5-5 მმ. წიპწის სხეული ყავისფერია, ხოლო ნისკარტისაკენ ოდნავ მოყვითალოა. ქალაძა წიპწის ზედა ნაწილში მდებარეობს, იგი მომრგვალო-ოვალური და ოდნავ გამოზნექილია გარეთ. ზედა ღარი არა ღრმაა, ღარტაფი ქალაძიდან ნისკარტისაკენ კარგად არის გამოსახული. მუცლის მხარე ქედიანია. მისი ღარები საშუალო სიღრმისაა, ნაწიბურის პარალელურად მიემართება ნისკარტისაკენ და იკარგება მის არეში. ცილინდრული ფორმის ნისკარტი ღია მიხაკისფერია, წვერისაკენ ოდნავ შევიწროებულია, მისი სიგრძე 2 მმ, ხოლო განი 1,8 მმ აღწევს.

აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგატაციო პერიოდი და მისი ფაზების მსვლელობა. სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობის დასახასიათებლად ქვემოთ მოტანილია ფენოლოგიური დაკვირვებანი, წარმოებული მევენახეობის სხვადასხვა რაიონში, სახელდობრ: მევენახეობის საქარის საცდელ სადგურზე ქ. ზესტაფონის მახლობლად. ვენახი გაშენებული იყო ვაკეზე 149,2 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან, ვაზი ფორმირებულია შპალერის წესით სარ-მავთულზე. კახეთში ფენოლოგიური დაკვირვებანი წარმოებდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში, ქ. თელავის მახლობლად, ვენახი გაშენებული იყო ცივ-გომბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთით სუსტად დაქანებული ფერდობზე ზღვის დონიდან 562,3 მ სიმაღლეზე. ვაზები ფორმირებულია ორმხრივი შპალერის წესით და გაბმულია მავთულზე.
როგორც დაკვირვებათა მოტანილ შედეგებიდან ჩანს, ცოლიკოურის სავეგატაციო პერიოდის ხანგრძლიობა, ცალკეული რაიონების ეკოლოგიურ პირობებთან შეფარდებით საგრძნობლად ცვალებადობს. საერთოდ შემჩნეულია, რომ ჩრდილოეთისაკენ და მაღლა მთებში გადანაცვლებისას ჯიშის სავეგეტაციო პერიოდი მოკლდება და ვაზი უფრო ნაკლებ აქტიურ ტემპერატურათა ჯამით კმაყოფილდება, ვიდრე მთისწინა ზოლში და სამხრეთ რაიონებში. ამ შემთხვევაში ცოლიკოურის სავეგეტაციო პერიოდის ოდნავი შემოკლება კახეთში აღნიშნული მიზეზების გარდა გამოწვეულია აგრეთვე ატმოსფერული ნალექების ჯამის შემცირებით დაახლოებით 1200 მმ-დან (ქ. ზესტაფონი) 700-800 მმ-მდე (ქ. თელავი)
ძირითადად ამ მიზეზებით უნდა აიხსნას სავეგეტაციო პერიოდის აღნიშნული ცვალებადობა იმერეთის და კახეთის პირობებში. ხსენებულ ადგილებში ყურძნის სიმწიფეზე წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით ცოლიკოური საგვიანო, სიმწიფის IV პერიოდის ვაზის ჯიშებს უნდა მიეკუთვნოს. მართლაც, ყველა დასახელებულ რაიონში იგი გვიან, შემოდგომის მიწურულში მწიფდება.
კახეთში იგი 10-12 დღით უფრო გვიან მწიფდება, ვიდრე რქაწითელი და რადგან შემდეგ ძნელია მისი შენარჩუნება ამიტომ იგი რქაწითელთან ერთად ხშირად მოუმწიფებელი იკრიფება. იმერეთისა და კახეთის შედარებით გრძელი და თბილი სავეგეტაციო პერიოდის პირობებში ცოლიკოურის რქები სრულ ფოთოლცვენამდე ასწრებს შემოსვლას და კარგად მომწიფებული და გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.
ზრდის სიძლიერე. იმერეთის ჰავისა და ნიადაგების პირობებში სხვა ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან შედარებით ცოლიკოურის ყლორტები უფრო ძლიერი ზრდით და განვითარებით ხასიათდება.
განსაკუთრებით ლაღი ზრდით და განვითარებით ხასიათდება ცოლიკოური საქართველოს სუბტროპიკულ რაიონებში – გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში. კახეთში მევენახეობის ინსტიტუტში (ქ. თელავი) წარმოებული დაკვირვებით, საკოლექციო ვენახის შედარებით თანაბარ პირობებში, სხვა ჯიშებთან შედარებით ცოლიკოური საშუალოზე უფრო ძლიერი ზრდით და განვითარებით ხასიათდება. კარგი ზრდა-განვითარებით ხასიათდება ცოლიკოური აგრეთვე გურჯაანის მეურნეობებში.
ცოლიკოური შედარებით ადრე იწყებს პირველ და სრული მოსავლის მოცემას. ჩვეულებრივ, დარგვის მეორე წლიდან იგი იძლევა პირველ ნიშანს, ხოლო მეოთხე წლიდან სრულ მოსავალს. კარგი მოვლისა და ვაზების ადრე გაფორმების შემთხვევაში მას მესამე წლიდანაც შეუძლია სრული მოსავლის მიცემა. მაგალითად, სოფ. წალენჯიხაში ი, მალაშხია ცოლიკოურის ვაზების კარგი მოვლით და ადრე ფორმირებით მესამე წლიდან იღებდა სრულ მოსავალს.
ცოლიკოური უხვმოსავლიანი ჯიშია, მაგრამ მისი მოსავლიანობა დიდად არის დამოკიდებული როგორც ადგილის ეკოლოგიურ პირობებზე, ისე ვაზის გასხვლა-ფორმირებასა და დროულ მოვლა-დამუშავება – დამუშავებაზე, უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაუმჯობესდა ვენახების მოვლა დამუშავება და დიდად გაიზარდა ვენახების მოსავლიანობაც.
პროფ. თ. კვარაცხელიას მიხედვით შუა იმერეთში ორმხრივი შპალერის წესით ფორმირებული და 20-24 კვირტით დატვირთული ცოლიკოური იძლევა 80-100 ცენტ., ხოლო კორდონზე 40-60 კვირტით დატვირთული 120-160 ცენტ. ყურძენს. უფრო მაღალი მოსავლიანობით ცოლიკოური ხასიათდება ქვემო იმერეთის-ვანისა და მაიაკოვსკის რაიონებში, აქ მისი მოსავლიანობა ცალკეულ ნაკვეთებზე ზოგჯერ 200 ცენტნერს აღწევს. ბაღდადის რაიონში ვენახების კარგი მოვლის შედეგად ცოლიკოური სოფ. დიმში და ბაღდადში 100 ცენტნერ და უფრო მეტ ყურძენს იძლევა, ხოლო სოფ. ობჩის ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე ცოლიკოურის მოსავლიანობა 120-150 ცენტნერს აღწევს. შედარებით უფრო ნაკლებია მისი მოსავლიანობა შუა და ზემო იმერეთის რაიონებში. მაღალი მოსავლიანობით ხასიათდება ცოლიკოური აფხაზეთშიაც. აქ მისი საშუალო მოსავლიანობა 6-7 კგ აღწევდა ძირზე, მაშინ, როცა შუა იმერეთში მისი მოსალვიანობა საშუალოდ 3-4 კგ იშვიათად აღემატება.
საქარის საცდელ სადგურზე ჩატარებული აღრიცხვების მიხედვით ცოლიკოურის მოსავლიანობა კვების არისა და ნიადაგური თვისების მიხედვით ცალკეულ რაიონებში შემდეგნაირად ცვალებადობს: საჩხერის რ-ნის სოფ. სავანეში 1,5X1,5 მ კვების არეზე ცოლიკოურის მოსავლიანობა სტალინის სახ. კოლმეურნეობაში გამონაცრულ, ნეშომპალა-კარბონატულ, მძიმე ქვეთიხნარ ნიადაგებზე 116,38 ცენტნერს უდრიდა.
ცოლიკოური მოსავლიანობის შედარებით მაღალი მაჩვენებლებით ხასიათდება. მისი მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,6-1,7 უდრის, უფრო ხშირად რქაზე 2, იშვიათად 1 და 3 მტევანს ივითარებს. მტევნის საშუალო წონა 140-160 გ შეადგენს, ხოლო ცალკეული დიდი მტევნების წონა თავისუფლად აღწევს 400-500 გ.

ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა და გარემო პირობებთან დამოკიდებულება
დასავლეთ ევროპის ვაზის ჯიშებთან შედარებით ცოლიკოური ჭრაქის (მილდიუ) მიმართ მაღალი გამძლეობით ხასიათდება. განსაკუთრებით მკვეთრად ეს გამომჟღავნდა საქართველოს ტენიან სუბტროპიკულ რაიონებში – გურიაში, სამეგრელოსა და აფხაზეთში, სადაც ცოლიკოურმა კარგი შეფასება და ფართო გავრცელება მოიპოვა. ცოლიკოურმა მილდიუს მიმართ მაღალი გამძლეობა გამოამჟღავნა კოლექციაში გაშენებულ ყველა დასავლეთ ევროპისა და ამიერკავკასიის ვაზის ჯიშებთან შედარებით, ხოლო გვალვიან წლებში იგი თითქმის არ დაზიანებულა მილდისგან. ცოლიკოური ნაკლებად ზიანდება აგრეთვე ანტრაქნოზისაგან და საშუალო გამძლეობას იჩენს ნაცრის მიმართ.
საქარის საცდელ სადგურზე პროფ. თ. კვარაცხელიას და მეცნ. კანდ. ა. მიროტაძის ცნობის თანახმად ცოლიკოური ყველა ადგილობრივ საწარმოო ვაზის ჯიშებზე უფრო გამძლეა მილდიუს მიმართ. აღმოსავლეთ საქართველოში – თელავის, გურჯაანის და ყულარის მეურნეობებში ჩვეულებრივი წამლობის პირობებში ცოლიკოური არ ზიანდება ჭრაქისაგან (მილდიუმისაგან), განსაკუთრებით ყულარში.
ჩვენი დაკვირვების მიხედვით ქ. თელავში ცოლიკოური სხვა ჯიშებთან შედარებით მაღალი გამძლეობით ხასიათდება ჭრაქის მიმართ. იგი არ ზიანდება აბლაბუდის მკეთებელი ტკიპასაგან და ნაკლებად ზიანდება გვალვისაგან. გვალვიან წლებში ცოლიკოური კახური ვაზის ჯიშებთან შედარებით უფრო მეტი გამძლეობით ხაისათდება. შედარებით კარგად უძლებს იგი აგრეთვე ნაცარს, სამაგიეროდ ადვილად ზიანდება მარცვლების სიდამპლით, განსაკუთრებით ხშირ-წვიმებიან შემოდგომით. ყინვების მიმართ გამძლეობით ცოლიკოური ჩამორჩება ციცქას, კრახუნას, კუნძას, ალიგოტეს და სხვა ჯიშებს.
მეცნ. ა. მიროტაძის დაკვირვებით სუსხიან ზამთარს ცოლიკოური ყველა სტანდარტულ ჯიშზე უფრო მეტად დაზიანდა ყინვისაგან. ცოლიკოური სუსტი გამძლეა აგრეთვე ფესვის ფილოქსერის მიმართაც. ნიადაგების მიმართ ცოლიკოური დიდი მოთხოვნის არ არის. იგი კარგად ვითარდება თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე დაჭაობებული და მლაშე ნიადაგების გარდა, ხოლო მაღალხარისხოვან პროდუქტს ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე იძლევა.
ფილოქსერაგამძლე საძირეების მიმართ ცოლიკოური კარგი შეხორცებით და მონათესაობით ხასიათდება. შეხორცების ყველაზე უკეთეს შედეგს ცოლიკოური რუპესტრის დულოსთან ამჟღავნებს, მაგრამ იმერეთის ძირითადი ნიადაგების თვისებების გათვალისწინებით ცოლიკოურისათვის შეიძლება რეკომენდებული იქმნეს რიპარიაXრუპესტრისი 3306, 3309, 101/14, ქვიან, მშრალ ნიადაგებისათვის რუპესტრის დულო, ხოლო კირნარ ნიადაგებისათვის, სადაც კირის რაოდენობა 50% აღწევს რიპარიაXბერლანდიერის ჰიბრიდები 420ა და 5ბბ.

ტექნოლოგიური დახასიათება
ცოლიკოურის ყურძნის გარეგნული შეხედულება, მისი მარცვლების გემო, მტევნის მექანიკური შენება და წვენის ქიმიური შედგენილობა საზღვრავს მისი ღვინის დასაყენებელად გამოყენების მიზანშეწონილობას. მართლაც, პირველ რიგში ცოლიკოურიდან სხვადასხვა ტიპის სუფრის ღვინოს აყენებენ, რომელიც მაღალი გემური თვისებით და მდიდარი ქიმიური შედგენილობით ხასიათდება.მტევნის მექანიკური შედგენილობა.
ცოლიკოურის მტევნის მექანიკური შედგენილობის მაჩვენებლები, ისე როგორც სხვა ჯიშებისა, ძლიერ მერყეობს როგორც ადგილმდებარეობის და წლის მეტეოროლოგიური ფაქტორების, ისე ცალკეული მტევნების სიდიდისა და სიმკვრივის მიხედვით. უკანასკნელი მიზეზებით გამოწვეული განსხვავება ზოგჯერ აჭარბებს ჯიშებს შორის არსებულ განსხვავებას და მხოლოდ მათ შორის მკვეთრი განსხვავების შემხთვევაში იგი გამოსადეგია ჯიშის დასახასიათებლად.
ჯიშებს შორის განსხვავების დასადგენად საჭიროა, რაც შეიძლება თანაბარ პირობებში, ერთნაირი წესებით და ერთდროულად მოხდეს ყურძნის გადამუშავება შესადარებელი მასალის მისაღებად. წვენის გამოსავალი ცოლიკოურის ყურძნიდან ლაბორატორიულ პირობებში საკმაოდ მაღალია. წარმოების პირობებში მისი გამოსავალი უფრო ნაკლებია და შეადგენს საშუალოდ 72,8-75,8%, ხოლო ჭაჭისა 27,7-27,2%.
იმერეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის შემაღლებულ ადგილებში (ჭიათურის და საჩხერის რაიონებში) ცოლიკოური ნაკლებად, მაგრამ სუფრის ღვინისათვის სავსებით საკმაო რაოდენობით აგროვებს შაქარს. შუა და ქვემო იმერეთის რაიონებში ცოლიკოური უფრო მეტი რაოდენობით აგროვებს შაქარს და ღვინოც ამ რაიონებში უფრო სრული და ენერგიული დგება.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ცოლიკოური მაღალშაქრიანობასთან ერთად, სუფრის ღვინისათვის საკმაო რაოდენობით ინარჩუნებს სიმჟავეს, რაც იძლევა მაღალალკოჰოლიანი, სრული, ენერგიული, საკმაოდ ხალისიანი ღვინის მიღების საშუალებას, შაქრის უფრო ინტენსიური დაგროვება ხდება სექტემბერში, ვიდრე აგვისტოსა და ოქტომბერში.
მწიფობის პერიოდში შაქრის დაგროვების მიმდინარეობის შეჩერება ან კლება ზოგჯერ გამოწვეულია ატმოსფერული ნალექების გავლენით.
ყურძნის გადამუშავება და ღვინის ხარისხი. ცოლიკოური ფართოდ გავრცელებული ვაზის ჯიშია. მისი ყურძნიდან, როგორც იმერეთში, ისე გურია-სამეგრელოში, აფხაზეთსა და რაჭა-ლეჩხუმში აყენებენ ადგილობრივი და ევროპული ტიპის სუფრის და ბუნებრივად ნახევრადტკბილ თეთრ ღვინოს. მცირე რაოდენობით მას იყენებენ აგრეთვე საჭმელად და ადგილობრივი ტკბილეულის (ჩურჩხელა, ფელამუშები და სხვ.) დასამზადებლად.
ცოლიკოური – ღვინის მაღალი ღირსებით, მოსავლიანობითა და სოკოვან ავადმყოფობის მიმართ კარგი გამძლეობით ხასიათდება, ძირითადად ამით აიხსნება მისი ასე ფართოდ გავრცელება ამჟამად დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონებში.
მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინის დასაყენებლად ყურძენი უნდა დაიკრიფოს მისი სრული სიმწიფის დროს, როცა შაქრიანობასა და მჟავიანობას შორის შეფარდება იქნება დაახლოებით 3:1.
ეს შეფარდება სხვადასხვა ადგილებში სხვადასხვა დროს დგება. ამისათვის საჭიროა დაკვირვების წარმოება ყურძნის სიმწიფეზე. ამისათვის საჭიროა ნიმუშების სწორად აღება და მათში დროდადრო შაქრიანობა-მჟავიანობის განსაზღვრა და ამის მიხედვით რთველის ვადის დადგენა. ყურძნის სიმწიფის თვალზომური ან გემური შეფასებით განსაზღვრა დაუშვებელია, რადგან ეს წესი არაზუსტია.
ხარისხოვანი, ნაზი სუფრის ღვინის მისაღებად, შეფარდება შაქრიანობა-მჟავიანობის შორის ცოლიკოურის ყურძენში უნდა იყოს შაქარი 20-22% და 6-8‰ სიმჟავე. ამაზე უფრო მეტ შაქრიან ყურძნიდან დაწურული ღვინო ზედმეტი ალკოჰოლიანი და უხეში დგება. ეს შეფარდება ადვილი დასაჭერია, რადგან ცოლიკოური მაღალშაქრიანობასთან ერთად ინარჩუნებს შედარებით მაღალ მჟავიანობას. როგორც მარცვალში, ისე ღვინოში.ამიტომ რთველი უნდა მოეწყოს 20-21% შაქრიანობისა და დამთავრდეს 23% დადგომის დროს. აღნიშნული შაქრიანობა-მჟავიანობა ცოლიკოურის ყურძენში მყარდება რაიონებისა და ვენახების ადგილმდებარეობის მიხედვით – ოქტომბრის დამდეგიდან და გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. ჩვეულებრივ შუა იმერეთში ცოლიკოურის რთველს იწყებენ დაახლოებით 10 ოქტომბრიდან და აგრძელებენ ოქტომბრის ბოლომდე, ხოლო ზემო იმერეთში რთველს იწყებენ ოქტომბრის ბოლოს 21-22% შაქრიანობის დროს.
ცოლიკოურიდან სამი ტიპის ღვინო მზადდება: ბუნებრივად ნახევრადტკბილი, იმერული და ევროპული.
იმერული ტიპის ღვინის დამზადების წესი განსხვავდება, როგორც კახური, ისე ევროპული ტიპის ღვინის დამზადების წესისაგან. იგი შემდეგში მდგომარეობს: მოკრეფილ ყურძენს წურავენ საწნახელში, ყურძნის საჭყლეტი მანქანით. მიღებულ წვენს ასხამენ კარგად გარეცხილ ქვევრებში. დუღილის დასაჩქარებლად მას უმატებენ სუფთა კლერტგაცლილ ჭაჭას 18 დეკალიტრ (180 ლიტრი) ღვინოზე 16-20 კგ ოდენობით. ამის შემდეგ ქვევრს უტოვებენ ჰაერის ამოსასვლელს, ახურავენ სარქველს და მჭიდროდ გლესავენ თიხით. ჭაჭის მიმატება ხელს უწყობს ტკბილის დუღილის ნორმალურ მსვლელობას, აძლევს სასიამოვნო მოყვითალო ფერს, აჩქარებს ღვინის დაწმენდას და მატებს ღვინოს სხეულს და არომატს. იმერული ტიპის ღვინო ლამაზი ყვითელი ფერისაა, იგი სრული, შინაარსიანი, საკმაო ჰარმონიული და ხალისიანია. ჯიშური არომატი კარგად არის გამოსახული. (ტექსტი ძველია)
ღვინო ძველად და ნაწილობრივ ახლაც, ძირითადად სხვადასხვა ჯიშების ნარევისაგან მზადდებოდა. ზოგჯერ ეს ნარევი უფრო მაღალი ღირსების დგებოდა, როცა მაგალითად, ციცქას და ცოლიკოურს ერთმანეთს უმატებდნენ. ციცქა მატებს ღვინოს სინაზეს, ცოლიკოური ფერს, სხეულს და ენერგიას. უფრო უკეთესი გამოდის ცოლიკოურის და კრახუნას ნარევი. კრახუნა ცოლიკოურს ალამაზებს, მატებს მას სისრულეს, ხავერდოვნებას, აძლიერებს ღვინის არომატს და აუმჯობესებს გემოს.
ზოგჯერ ნარევი ჯიშები ¼-1/2-მდე აღწევს, მათი მიმატება აუმჯობესებს ცოლიკოურის ღვინოს ხარისხს, მაგალითად ცოლიკოურისათვის დონდღლაბის, კუნძას და სხივების ერთი მეოთხედი რაოდენობით მიმატება კარგ შედეგს იძლევა. ეს ჯიშები, როგორც შედარებით უფრო საადრეო ართმევს ცოლიკოურს ზედმეტ სიმჟავეს და ღვინო უფრო ჰარმონიული ხდება. ჯიშების ურთიერთთან მიმატება განსაზღვრულ მიზანს უნდა ისახავდეს და ერთმანეთთან მისამატებელი ჯიშები მოფიქრებული, წინასწარ დადგენილ შეფარდებით უნდა შედიოდენ კუპაჟში.
ციცქა, კრახუნა ან მჭკნარა დონდღლაბი მიმატებული ცოლიკოურთან მის ნახევარ რაოდენობამდე კარგ შედეგს იძლევა. შეიძლება სხვა რაოდენობით მიმატებამ უკეთესი შედეგი გამოიღოს, რაც შესაფერი ცდებით უნდა იქნეს დადგენილი.
ცოლიკოურის ღვინის ხარისხი ჯიშის გავრცელების რაიონების და ვენახების ადგილმდებარეობის მიხედვით საგრძნობლად ცვალებადობს. ცოლიკოური მაღალხარისხოვან ღვინოს იძლევა შუა იმერეთში მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე განლაგებულ სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე გაშენებულ ვენახებიდან და მდ. ყვირილას მარცხენა მხარეზე მდებარე მეღვინეობით ცნობილ – სვირის, კვალითის, ფუთის, ილემის და სხვა მიკროარიონებში. ამ ზონის ცოლიკოურის ღვინო გამჭვირვალე, მოყვითალო ფერისაა, ხასიათდება საკმაო სხეულით, შინაარსით და სიხალისით. სიძველეში უმჯობესდება, იძენს სინაზეს და ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს.
შედარებით უფრო ნაზ და ხალისიან, საკმაოდ სხეულიან და შინაარსიან ღვინოს ცოლიკოური იძლევა ზემო იმერეთში, მდინარე ჩხერიმელას და ძირულას ხეობის ნეშომპალა-კარბონატულ ნიადაგებზე გაშენებული ვენახებიდან. ქვემო იმერეთში – მაიაკოვსკის, ვანის და სხვა რაიონებში ცოლიკოური იძლევა სრულ, ენერგიულ, ნაკლებხალისიან, მაგრამ საკმაოდ ჰარმონიულ ღვინოს.
რაჭა-ლეჩხუმში, ძირითადად, ცაგერის რაიონში ცოლიკოური იძლევა მეტად საინტერესო ბუნებრივ ნახევრადტკბილ ღვინოს, განსაკუთრებით ნაზ და სასიამოვნო ამ ტიპის ღვინოს ცოლიკოური იძლევა სოფ. ტვიშში და მის მახლობელ სოფლებში. გურია-სამეგრელოს და აფხზეთის მთიან რაიონებში, სერებზე და ფერდობებზე, ზოგჯერ ოდნავ დაქანებულ ვაკეზედაც წყლისკარგად გამტარ ქვენიადაგიან თიხნარებზე გაშენებულ ვენახებიდან ცოლიკოური იძლევა მაღალი ღირსების – სხეულიან, ენერგიულ, საკმაოდ ჰარმონიულ ღვინოს.

ღვინის ორგანოლეპტიკური და ქიმიური დახასიათება
ცოლიკოურის ღვინო მაღალხარისხოვანი დგება, როგორც იმერულ, ისე ევროპულ წესით დაყენებისას. ევროპულ წესით დამზადებული ცოლიკოურის ღვინო გამჭვირვალე, ღია ყვითელი ფერისაა, ხასიათდება შინაარსით, შემადგენელ ნაწილების ჰარმონიული შეზავებით, თავისებური ჯიშური არომატით ახალგაზრდობაში და ნაზი ბუკეტით სიძველეში,.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ცოლიკოურის ბუნებრივ ნახევრადტკბილი ღვინო `ტვიში დამზადებული ცაგერის რაიონის სოფ. ტვიშის მიკრორაიონში. ამ ღვინოს ახასიათებს ნაზი გემო, ხილის არომატი, სიტკბო და ბუნებრივი ცქრიალი.
ცოლიკოურის ღვინო, როგორც ზემოთაც იყო აღნიშნული, საგრძნობლად უმჯობესდება სიძველეში, მისი ახალგაზრდობის ოდნავი სიუხეშე დაძველებისას სინაზე-სიფაქიზით იცვლება და ღვინო ჰარმონიული და მეტად სასიამოვნო ხდება; ამ მხრივ იგი საგრძნობლად განსხვავდება სხვა ჯიშებისაგან.
ცოლიკოური დავარგების პირველ ეტაპს სამი წლის შემდეგ ამთავრებს, რომლის შემდეგ იგი შეიძლება ჩამოისხას ბოთლებში სარეალიზაციოდ ან კიდევ დასაძველებლად. ხანგრძლივი შენახვისას ცოლიკოური აუმჯობესებს თავის გემურ თვისებებს. განსაკუთრებით კარგია ცოლიკოურის ღვინო 5-7 წლისა, ხოლო კიდევ უფრო უკეთესია იგი 15-20 წლის ასაკში.
ცოლიკოურის ღვინო დიდხანს ცოცხლობს უნდა ვიფიქროთ, რომ ცოლიკოურის ღვინის სიცოცხლის ხანგრძლიობა 35-40 წელზე ნაკლები არ უნდა იყოს, მისი ღვინის მდიდარი ქიმიური შედგენილობა ამის სრულ საფუძველს იძლევა.
ცოლიკოურის ღვინის ქიმიური ბუნების დასახასიათებლად ქვემოთ მოტანილია მისი ღვინის შედგენილობის მაჩვენებლები საქართველოს სხვადასხვა რაიონებიდან, ძირითადად საქარის საცდელი სადგურის მონაცემების მიხედვით, ცოლიკოურის ღვინო მდიდარია ქიმიური შედგენილობით. შედარებით მაღალ ალკოჰოლთან ერთად იგი შეიცავს მდიდარ სხეულს და საკმაო რაოდენობის მჟავებს, რაც საბოლოოდ იწვევს ღვინის სიძველეში გაუმჯობესებას და მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას.
ზოგიერთ რაიონში (ზემო იმერეთი) ცოლიკოური კარგ მასალას იძლევა შამპანურისათვის, ცალკეულ წლებში თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება საშამპანურე მასალათა კუპაჟში, ხოლო შუა და ქვემო იმერეთის რაიონების მასალა საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაგარი და სადესერტო ღვინის დასაყენებლად, განსაკუთრებით იმ რაიონებიდან, რომლებიც მძიმე, ნაკლებხალისიან, მაღალალკოჰოლიან ღვინოებს იძლევა.
ზომიერშაქრიან, ხალისიან, სასმელად სასიამოვნო მასალას იძლევა ცოლიკოური უალკოჰოლო ყურძნის წვენისა და ხარისხოვანი კონიაკების დასამზადებლად. საერთო ცოლიკოურის ღვინო კარგი მასალაა მეღვინეობის თითქმის ყველა სახის ნაწარმისათვის.ვარიაციები და კლონები. იმერეთის ვაზის ჯიშების შესწავლისას გამოვლენილი იყო სოფ. დიმში და ოჩბაში ცოლიკოურის მსხვილმარცვალა ვარიაცია.
ეს ვარიაცია ძლიერ წააგავს ცოლიკოურს ფოთლების და მტევნის მოყვანილობით, ხოლო განსხვავდება მისგან ღონიერი ზრდით, უფრო მსხვილი მარცვლით და პატარა მტევნით. მევენახეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით ეს ვარიაცია ცოლიკოურთან დიდი მსგავსების მიუხედავად, ცალკე დამოუკიდებელი ჯიში უნდა იყოს. იგი ცოლიკოურზე უფრო ადრე მწიფდება, ხოლო მოსავლიანობით და ღვინის ხარისხით როგორც იმერეთის, ისე კახეთი პირობებში საგრძნობლად ჩამორჩება ცოლიკოურს.
ეს ვარიაცია, ჩვენგან დამოუკიდებლად, ნაპოვნია აგრეთვე საქარის საცდელ სადგურის სელექციის განყოფილების გამგე ალ. მიროტაძის მიერ. მის მიერვეა გამოვლენილი ცოლიკოურის მეორე ვარიაცია გრძელი თანაყვავილიანი ცოლიკოური. უკანასკნელი ხასიათდება დიდი ყვავილედებით და ზოგჯერ მთლიანი ყვავილცვენით, ინვითარებს უმეტესად პართენოკარპულ მარცვლებს და 4-5 ცალ ნორმალურ მარცვალს. იგი უარყოფითი ვარიაციაა და მოკლებულია ყოველგვარ სამეურნეო ღირსებას.
აფხაზეთის დასაყრდენ პუნქტზე ა. იობიძის, ხოლო საქარაში ა. მიროტაძის მიერ გამოვლენილი იყო ოვალურმარცვლიანი ცოლიკოური, იგივე ოვალურმარცვალა ცოლიკოური ნაპოვნია იმერეთში გ. გაფრინდაშვილის მიერ და გამრავლებულია საქარის საცდელ სადგურზე.

საერთო შეფასება და დარაიონება
ცოლიკოური ადგილობრივი, იმერული ვაზის ჯიშია, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში. მისგან აყენებენ ადგილობრივი და ევროპული ტიპის სუფრის და ბუნებრივი ნახევრადტკბილ (ტვიში) ხარისხოვან ღვინოს.
ჯიში ხასიათდება საშუალო და საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით, სოკოვან ავადმყოფობათა, განსაკუთრებით მილდიუმის მიმართ კარგი გამძლეობით, ღვინის მაღალი ხარისხით და გარემო პირობებისადმი კარგი შეგუებით. ყველა ამ დადებით თვისებებმა უზრუნველყვეს ჯიშის შედარებით სწრაფი და ფართო გავრცელება მთელ დასავლეთ საქართველოში. მართლაც, ცოლიკოური უნივერსალური ჯიში გახდა დასავლეთ საქართველოს ყველა რაიონის და თითქმის ყველა ადგილმდებარეობისათვის.
ჯიშის უარყოფით თვისებას უნდა მიეკუთვნოს ზამთრის ყინვების მიმართ სუსტი გამძლეობა და მისი ნაგვიანევი მწიფობა, რაც საზღვრავს მის გავრცელებას დასავლეთ საქართველოს რაიონებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსად რქაწითელისა, რომელმაც დაიპყრო, ზემო ქართლის გამოკლებით, თითქმის მთელი აღმოსავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონები, ცოლიკოურმა დაიპყრო (რაჭის გამოკლებით) დასავლეთ საქართველოს მევენახეობის რაიონები.
ცოლიკოური გავრცელებული ჯიშია იგი ხარობს იმერეთის, ლეჩხუმის, გურია-სამეგრელოს და აჭარა-აფხაზეთის, განსაკუთრებით მევენახეობის ზღვისპირა რაიონებში.
კახეთში წარმოებულ დაკვირვებათა მიხედვით ცოლიკოური 10-12 დღით უფრო გვიან მწიფდება, ვიდრე რქაწითელი. ლაგოდეხის რაიონში იგი საკმაო სხეულიან, შინაარსიან და ხალისიან სუფრის ღვინოს იძლევა.