22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ჩხავერი

წითელყურძნიანი საღვინე ვაზისჯიშია.
სინონიმები: ჩხაველი.

წარმოშობა: გურია.

„ჩხა“ ვაზზე აჭრილ რამდენიმე მტევნიან რქას ეწოდება. რადგანაც ჩხავერის ყურძენს მოსახლეობა საზამთროდ ასეთი აჭრილი რქებით ინახავდა, გამორიცხული არ არის, რომ ვაზს სახელწოდება აქედან მიეღო.

წარსულში ჩხავერი ფართოდ იყო გავრცელებული გურიის მხარის თითქმის ყველა სოფელში. ადგილობრივი მოსახლეობა მისგან მაღალხარისხიან ღვინოს ამზადებდა, რომელიც გამოირჩეოდა სინაზით, გემოვნებითა და ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით. გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩხავერი 14 ჰექტარზე გააშენეს და ამგვარად, გადაშენებას გადაარჩინეს. ჯიშის აღდგენის პროცესი აჟამადაც მიმდინარეობს.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალო ფორმისაა, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცალფრთიანი, თხელი, გვხდება საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მარცვალი მუქი წითელ-ვარდისფერია, საშუალო ზომის ან საშუალოზე მცირე, თითქმის მრგვალი. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი.

ჩხავერი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 201-222 დღეა, ხოლო სრულ სიმწიფეში ნოემბრის პირველი რიცხვებიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 135 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5,0-5,5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19,5-21,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8,1-9,6 გ/ლ-ს.

ჩხავერი მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. მისი ყურძნისგან მზადდება სუფრისა და ცქრიალა ღვინოები. დამზადებული ღვინო ღია ვარდისფერია, ნაზი და ჰარმონიული, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ალკოჰოლის საკმაო შემცველობით და ოდნავ მოემტებული მაგრამ სასიამოვნო სიმჟავით.