25.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ღრუბელა უბუსუსო

რუხყურძიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: ქართლი.

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, გულის ფორმის, სუსტად დანაკვთული,  ხუთნაკვთიანი. ფოთლის ზედაპირიც და ქვედა მხარეც შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, კონუსური, ხშირად დატოტვილი და უფორმო. საშუალო სიკუმსის, იშვიათად კუმსია. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური. შეფერილია რუხ-მოწითალოდ. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი შეუფერავი.

ღრუბელა უბუსუსო საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა საშუალოდ 270 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 13,8 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18,5-19,0%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5,5-6,5% გ/ლ-ს.

ამპელოგრაფიული ნიშნებით სასუფრე ყურძენს უფრო ჰგავს, ვიდრე საღვინეს. მეტად წვნიანია, დაბალი ხარისხის და ვერ იტანს ტრანსპორტირებას, რის გამოც ამ მიმართულებით არა პერპექტიულია. მისი გამოყენება შეიძლება ყურძნის წვენის დასამზადებლად.

გამოიყენება საბრენდე სპირტის მისაღებად.