25.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ოჯალეში

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: სამეგრელო.

სინონიმი: შონური, სვანური.

„ ჯა“ მეგრულად ხეს ნიშნავს, ხოლო „ოჯა-ლეში“ ხეზე ასაშვებ ანუ სახეივნო ვაზს.

სამეგრელოში ოჯალეშს „შონურს“ ანუ „სვანურს“ უწოდებენ. მაგრამ შონური დამოუკიდებელი ჯიშიცაა, რომელსაც ოჯალეშთან დიდი მსგავსების მიუხედავად განსხვავებაც ბევრი აქვს. ამიტომ ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს.

სამეგრელოს ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ოჯალეშის ნარგავები ძირითადად მარტვილის, აბაშისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებშია გავრცელებული.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური ფორმის, სამ-ნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილი-ნდრულ-კონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, ფრთის სიგრძე ზოგჯერ მტევნის ნახევარს აღწევს, საშუალო სიკუმსიაა. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ოდნავ ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. სქელკანიანი. რბილობი ხორციანია, სასიამოვნო ჯიშური არომატითა და მდიდარი გემოთი.

 ოჯალეში საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალო მოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175-215 დღეა. სამეგრელოში ყურძენი ნოემბრის შუა რიცხვებში მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 112 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-6,5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა აღწევს 20-23%-ს, ხოლო მჟავიანობა – 8-9 გ/ლ-ს.

ოჯალეში გამოიყენება ინტენსიურად შეფერილი, მეტად მაღალხარისხიანი სუფრის წითელი ღვინის დასამზადებლად. მისი ღვინო გამოირჩევა ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, ხავერდოვნებით, დიდი სხეულით, სრული ჰარმონიულობით და მდიდარი ჯიშური არომატით. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს. სამეგრელოში ოჯალეშისგან ძირითადად ამზადებენ წიტელ ნახევრად ტკბილ ღვინოს. ამასთანავე ჯიშს დიდი პოტენციალი აქვს წითელი მშრალი ღვინოების დასამზადებლად.