03.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

კახური მწვანე

სინ.: მწვანე, მწვანე ნაბადა, დედალი მწვანე, მამალი მწვანე.

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სახელწოდება მიღებული აქვს მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის მარცვლების გამო.

ძალიან წააგავს საფენას და ამ მსგავსების გამო XIX საუკუნის ბოლოს კახურ მწვანეს “საფენას” ეძახდნენ. სინამდვილეში “მწვანე კახური” და “საფენა” ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ჯიშებია.

მწვანე კახური კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფის წარმომადგენელია და ძირითადად თელავის, გურჯაანის, ყვარლის და საგარეჯოს ვენახებშია გავრცელებული.

გავრცელებული იყო საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეც.

1940 წელს სელექციონერმა ვასილ ლოლაძემ გამოავლინა მწვანე კახურის რამდენიმე კლონი: კლონი N15; კლონი N16; კლონი N270; კლონი N142 და 272. ეს კლონები განსხვავდება როგორც ძირითადი ფორმისგან, ასევე ერთმანეთისგანაც.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, ხუთ-შვიდნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია აბლაბუდისებრად, ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განიერ-კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომის და ოვალურია, მოყვითალო-მომწვანო ფერის. ცვილისებრი ნაფიფქი საკმაოდ სქელია და მარცვლებს ნაზ მომწვანო იერს აძლევს. თხელკანიანია. რბილობი საკმაოდ წვნიანია და ხორციანია ძალიან სასიამოვნო ჯიშური არომატით.

ჯიში საშუალო ზრდისაა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 153-159 დღეა. მტევნის საშუალო წონა 160-175 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 5,0-8,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა 20-22%-ია, ხოლო მჟავიანობა – 6,0-7,8 გ/ლ.

მწვანე კახური მაღალხარისხიანი ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული მისი ღვინო მომწვანო-ჩალისფერია, ნორმალურ ალკოჰოლიანი, ჰარმონიული, ხალისიანი, ხილის მდიდარი არომატით. კახური წესით დაყენებული კი უფრო სხეულიანია, ენერგიული, სიძველეში ახასიათებს ნაზი ბუკეტი ხილის ძლიერი არომატით. მწვანე კახურს იყენებენ სხვა ჯიშის ღვინოების გასაუმჯობესებ-ლად. შედის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონის “მანავის” (75% მწვანე კახური + 15% რქაწითელი) და “წინანდლის” შედგენილობაში (15%-მდე მწვანე კახური + 75% რქაწითელი). ღვინოს ახასიათებს ციტრუსის არომატიც, ტროპიკული ხილის ტონები, მაღალი ალკოჰოლის შემცველობა და მჟავიანობა. მწვანე კახურისაგან ამზადებენ ევროპული ტიპისა და ქვევრის თეთრ მშრალ ღვინოებს.