22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

კახური მცვივანი

სინონიმები: მამალი მცვივანი, დედალი მცვივანი, მცვივანე.

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცნობილი აბორიგენული ჯიშია.

პატარა ვენახებადაა ალაზნის მარცხენა მხარეს, ყვარლისა და თელავის მუნიცეპალიტეტებში. ძალიან ახლოს დგას ადგილობრივ ვაზის ჯიშებთან.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო მცირე ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური ან თირკმლისებური ფორმის. სამ-ხუთნაკვთიანი, იშვიათად გვხდება მთლიანი ან ოდნავ დანაკვთული ფოთლები. ფოთლის ქვედა მხარე საშუალო სისქის აბლაბუდისებრია, რომლის ქვემოდანაც მოფენილია თხელი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ მხრიანი, კუმსი და საშუალოდ სიკუმსის. ჯიშს წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს, მაგრამ იშვიათად მტევანზე რამდენიმე განუვითარებელი (პართენოკარპიული) მარცვალი გვხდება. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალურისკენ გადახრილი. მომწვანო-ყვითალი ფერის, მონაცრისფრო იერით, ჯიშისთვის დამახასიათებელი მონაცრისფრო-რუხი წინწკლებით. კანი თხელი და გამჭვირვალე აქვს, საკმაოდ მკვრივი, დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით. რბილობი წვნიანია, წვენი უფერულია, მოტკბო, სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

მცვივანი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფამდე 157 დღემდეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 140-400 გრამს შორის მერყეობს. საჰექტარო მოსავლიანობა კი 5,0-7,0 ტონას არ აღემატება. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6,5-8,2 გ/ლ-ს.

მცვივანის ყურძენს ძირითადად კარგი ღირსების სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად იყენებენ. იგი ხასიათდება სასიამოვნო ჯიშური არომატით, ნაზი და ჰარმონიული გემოთი. შედარებით ნაკლებსხეულიანია. მცვივანს რქაწითელთან ერთად წურავენ. მცვივანის ევროპული წესით დაყენებული ღვინო გაცილებით უფრო ნაზი და ჰარმონიულია, ვიდრე კახური წესით დაყენებული. პერსპექტიულია ყურძნის წვენის, საბრენდე სპირტისა და კახური წესით დაყენებული. პერსპექტიულია ყურძნის წვენის, საბრენდე სპირტისა და კახური ტიპის ტრადიციული ქვევრის ღვინის დასამზადებლად.