25.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

გორული მწვანე

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

სინონიმები: მწვანე, სურამულა, ქვიშხურა, ჯიშიანი, ლურჯი მწვანე, თეთრფოთოლა და სხვ.

წარმოშობა: ქართლი.

ხაშურის მუნიცეპალიტეტსა და ზემო იმერეთში მას „ქვიშხურას“ ეძახიან. სურამში – „სურამელას“, ხოლო რაჭაში „ტფილურის“ (თბილური) სახელწოდებით იცნობენ. სადმელური მწვანეც და რაჭული მწვანეც რაჭველების შერქმეული სახელებია.

გორულ მწვანეს ძირითადად თეთრი ხარისხიანი სუფრის ღვინის დასაყენებლად იყენებდნენ. მის ყურძენს ასევე დაწურვისას ჩინურთან აკუპაჟებდნენ და ამ ორი ჯიშის ნარევს თავკვერის ტკბილ ჭაჭაზე ადუღებდნენ. ამის შედეგად დგებოდა ისტორიულად ცნობილი ხიდისთავის წითელი ღვინო, რომელიც წარსულში განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობდა.

ამჟამად გორული მწვანე ფართოდაა გავრცელებული ქართლში. გვხდება იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმში, კახეთსა და მესხეთში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდია, თითქმის მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური ფორმის. უფრო ხშირად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა დაფარული მოთეთრო-მონაცრისფრო შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, განიერ-კონუსური, ხშირად დატოტვილი და ზოგჯერ უფორმო. თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განიერ-ოვალური ფორმის. ღია მწვანეა, მაგრამ მზით განათებულ მხარეზე მომწვანო-მოყვითალო იერი დაჰკრავს მოვარდისფრო ელფერით. საკმაოდ სქელკანიანია. რბილობი წვნიანი და ხორციანი აქვს, ჩვეულებრივი – ტკბილი, ოდნავ მომწკლარტო გემოთი.

გორული მწვანე საშუალოზე ძლიერი ან ძლიერი ზრდისაა. საკმაოდ უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე საშუალოდ 178 დღეა. მტევნის წონა 160-190 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 8,0-10,0 ტონას აღწევს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა არის 21,6-22,5%, ხოლო მჟავიანობა – 9,1-10 გ/ლ.

გორული მწვანე მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. მისგან დაყენებული თეთრი ღვინო ხასიათდება ალკოჰოლის ნორმალური შემცველობით, კარგი სხეულით, სასიამოვნო მჟავიანობითა და გემოთი. ასევე გამოიყენება ევროპული ღვინის, მაღალი ხარისხის სუფრისა და ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.