წითელყურძნიანი საღვინო ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: იმერეთი.
სინონიმები: არაგვეთულა შავი, კობახიძის საფერე.
არგვეთული საფერეს წარმოშობა მე-19 საუკუნეს უნდა მიეკუთვნებოდეს. როგორც სახელწოდებიდან ჩანს იგი თავიდანვე საჩხერის სოფელ არგვეთაში უნდა ყოფილიყო გავრცელებული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ჯიში ზემო იმერეთში შემოუტანიათ. ამას ჯიშის სინონიმიც ადასტურებს – კობახიძის საფერე, რაც შემომტანის გვარს უნდა მიანიშნებდეს.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვლო ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, ზოგჯერ თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა დაფარული ქეჩისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, ხშირად მხარიანი, საშუალო სიკუმსის ან საკმაოდ თხელი. მარცვალი საშუალო ზომის აქვს, მომრგვალო, იშვიათად ოდნავ ოვალური, შავი ფერის, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. სქელკანიანი. რბილობი წვნიანი და მდინარი აქვს, სასიამოვნო მომჟავო გემოთი.
არგვეთულა საფერე საკმაოდ კარგი ზრდით ხასიათდება. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170-173 დღეა. მტევნის წონა 135-150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა – 10,2 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-7 გ/ლ-ს.
მიიღება ნაკლებად სხეულიანი, ალკოჰოლის მცირე შემცველობის სუფრის წითელი ღვინო. ძირითადად იყენებენ ისეთ ჯიშებთან კუპაჟში, როგორებიცაა: მგალობლიშვილი, ძელშავი და ადანასური.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი