23.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

კრახუნა

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: იმერეთი.

ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, „კრახუნა“ მარცვლის თვისების გამომხატველი იმერული წარმოშობის სიტყვაა. იმერეთში იტყვიან: „მარცვალი პირში სკდება, კრახუნობს“-ო. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კრახუნა კნატუნას ნიშნავს.

იმერეთის ვაზების ჯიშთა ჯგუფს მიეკუთვნება და ფართოდაა გავრცელებული.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისა და მომრგვალო ფორმისაა. ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საკმაოდ სქელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი – საშუალო ზომის, განიერკონუსური, ხშირად მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი.

მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდია, ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ელფერის, მზისკენ მიქცეულ მხარეზე სიდამწვრის ყავისფერი ლაქებით. თხელკანიანი, ნაფიფქი სქლად აქვს გამოხატული. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, კნატუნა, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

ჯიში საშუალო ზრდისაა, სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 167-170 დღეა. მტევნის წონა 140-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-7,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 21-23%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5 გ/ლ-ს.

მიიღება მაღალხარისხიანი სუფრის ღვინო. ევროპული წესით დაყენებული ღვინო მოყვითალო-ჩალისფერია. ხასიათდება სისრულით, სასიამოვნო გემოთი და ენერგიით. იმერულად დაყენებული მუქადაა შეფერილი, მოქარვისფრო-ყვითელია, ხასიათდება თავისებური ჯიშური არომატით, ენერგიით. დავარგებისას ღვინო საგრძნობლად უმჯობესდება, ივითარებს ძლიერ ბუკეტს, ხდება ნაზი და ჰარმონიული. კრახუნის ღვინოს აქვს მწიფე მსხლის გემო, ბალახის ტონები და სასიამოვნო მჟავიანობა.