23.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

სუფრის გორულა

თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: ქართლი.

სინონიმები: გლდანულამ გლდანურა, გორულა, მრგვალი ყურძენი. „იალანში გორულა“ („მატყუარა გორილა“ – მარნეულში), „გრუნლიებერ“ (Grün-მწვანე Lieber-საყვარელი, ძვირფასი – ბოლნისში)

გორულას სახელწოდება წარმოშობის ადგილის მიხდვით აქვს აღებული. ფილოქსერას შემოჭრამდე იგი საკმაოდ ფართოდ ყოფილა გავრცელებული ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, დუშეთის რაიონებში და თბილისის გარეუბნებში, მაგრამ მოგვიანებით მისი ნარგავები საკმაოდ შეიზღუდა. ძველი ვაზები, ხეივნების სახით, შემორჩა; დაბლარად გავრცელებულია ქართლში, გორის, კასპისა და მცხეთის მიდამოებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, მეტწილად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე, ძარღვების გასწვრივ, მცირედაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევნი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ფრთიანი. აგებულებით კუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, ოდნავ ოვალური, ღია მწვანე შეფერილობის. სიმწიფეში მოყვითალო ლამაზ ელფერს იძენს და მოყავისფრო წერტილები უვითარდება. ოდნავ უხეში და სქელი კანი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი უფრო ხორციანი და ნაკლებ წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.

გორულას საშუალოზე ძლიერი ზრდა ახასიათებს. სავეგეტაციო პერიოდი 166-170 დღეა. მტევნის საშუალო წონა 215-220 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი – 11,0-12,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა არის 18-19,5%, ხოლო მჟავიანობა – 5,5-6 გ/ლ.

გორულა მაღალხარისხიანი სასუფრე ვაზის ჯიშია. გააჩნია შენახვის კარგი უნარი და ადვილად იტანს ტრანსპორტირებას.