22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

წულუკიძის თეთრა

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: რაჭა.

სინ.: რაჭული თეთრა.

მისი ძირითადი ნარგავები გავრცელებულია ამბროლაურსა და ცაგერის მუნიცეპალიტეტებში.

საქართველოს ფარგლებს გარეთ კი უმთავრესად ყირიმში, უზბეკეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში.

რუსი მეცნიერების მიერ დაშვებული შეცდომის გამო გავრცელებული იყო მცდარი მოსაზრება,  რომ „წულუკიძის თეთრა“ სინამდვილეში ესპანური ჯიში „ალბილო კასტელანო“ (Albillo Castellano) ან „პედრო ქიმენესის“  (Pedro Ximenez) ერთ-ერთი ვარიაცია „ქიმენეს ზენბონ“ (Ximenez Senbon) გახლდათ. ეს ინფორმაცია 1940 წლიდან გაბათილებულია ქართველი ამპელოგრაფების მიერ.

წულუკიძის თეთრა რაჭა-ლეჩხუმის ვაზის ჟიშია. იგი უსახელოურის მსგავსად, ოდნავ შებუსუსებული, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს შეიმჩნევა აბლაბუდისებრი შებუსვა, ქვედა იარუსის ფითლების ძარღვებზე და მათ გასწვრივ კი – იშვიათი ჯაგრისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ვიწრო კონუსური ფორმის, იშვიათად გვხდება დატოტვილი, უფორმო მტევნებიც. მტევნები ხშირად მხრიანია, ზოგჯერ მხარი ძირითადი მტევნის სამ მეოთხედს აღწევს. საშუალო სიკუმსისაა, ოვალური, იშვიათად მომრგვალო მარცვლებიც გვხდება. შეფერვა მომწვანო-მოყვითალოა თეთრი იერით. მარცვალზე შეიმჩნევა მოყავისფრო ხალები, ხოლო მზის მხარეს გადამწიფებისას – სიდამწვრის ლაქები. კანი თხელი და ნაზი აქვს, თხელი ცვილისებრი ფიფქით დაფარული, ადვილად არ შორდება რბილობს. რბილობი მდნარია, წვენი უფერული, სასიამოვნო და ტკბილი, გემოთი.

წულუკიძის თეთრა საშუალო ზრდისა და უხმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 140-148 დღეა. მტევნის წონა 135-250 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-10,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 205-22,9%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,0-8,1 გ/ლ-ს.

წულუკიძის თეთრა ყველანაირ ნიადაგზე კარგად ვითარდება, მაგრამ მაღალი ღირსების ღვინოს მხოლოდ ფერდობებზე განლაგებულ კირნარ-თიხნარი და ნეშომპალა-კარბონატული ტიპის ნიადაგებზე იძლევა. მისგან იღებენ მაღალი ღირსების ნაზ და სასიამოვნო ევროპული ტიპის სუფრის თეთრ, მშრალ ღვინოს. ასევე ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინოს. ღვინო ყვითელი ფერისაა, აქვს კარგად გამოსახული არომატი, საშუალო სხეული და ნაზი სასიამოვნო გემო. მისგან მზადდება ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო „თეთრად“.