03.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ქისი

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

მას რქწითელსა და მწვანეს შორის შუალედური ადგილი უჭირავს. ვაზი საერთო შეხედულებით, ფოთლის ფორმითა და მისი ფირფიტის მოხაზულობით რქაწითელს ჰგავს, ხოლო მარცვლების შეფერვით და ძლიერი ჯიშური არომატით – მწვანეს. დანარჩენი ნიშნებითაც ქისს შუალედური ადგილი უჭირავს ნახსენებ ჯიშებს შორის. ღვინის ქისი რქაწითელს არ ჩამოუვარდება, ხოლო ზოგიერთ წლებში მწვანესაც კი უსწრობს.
ამჟამად ქისი გავრცელებულია კახეთში, ძირითადად ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის მუნიცეპალიტეტებში რქაწითელისა და მწვანეს ვენახებში შენარევების და იშვიათად წმინდა ნარგავების სახით. მას სოფელ ქისტაურში შეცდომით “წობენურას” ეძახიან, ხოლო ხოდაშენში “დამპალას”.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია საშუალო აბლაბუდისებრი და მის ქვეშ მოფენილი საშუალო სიხშირის ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი. ფრთის სიგრძე ზოგჯერ მტევნის ნახევარს აღწევს. საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად გვხდება როგორც თხელი, ისე კუმსი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, ზოგჯერ მომრგვალო. სრულ სიმწიფეში მომწავანო-ყვითელია. მონაცრისფრო ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. მზის მხარეზე მარცვლებს უჩნდება ყავისფერი ლაქები. კანი თხელი ან ნაკლებმკვრივია. რბილობი საშუალოდ წვნიანი, მდნარი. გემო სასიამოვნო და ჰარმონიული აქვს, კარგად გამოხატული ჟიშური არომატით.

ქისი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 152 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბერის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 170-180 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-8,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-8,5 გ/ლ-ს.

სუსტ გამძლეობას იჩენს სოკოვანი დაავადებების (განსაკუთრებით, ნაცრის) მიმართ, ხოლო ზამთრის ყინვებისადმი შედარებით გამძლეა.

ქისი მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული მისი მშრალი ღვინო ღია ჩალისფერია, ოქროსფერი იერით. კარგად გამოხატული არომატით, ნაზი და სასიამოვნო გემო სრული და ჰარმონიული აქვს. კახური წესით დაყენებული ღვინო უფრო მაღალი ღირსებისაა – მუქი ჩალისფერი, კარგად გამოხატული ხიდის სასიამოვნო არომატით, ნაზი, სრული, შინაარსიანი, ჰარმონიული და ხევერდოვანი გემოთი.