22.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

გრძელმტევანა

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სინონიმი: ტყის ვაზი, ინსტიტუტის გრძელმტევანა, გრძელმტევნიანი.

სახელწოდება ამ ჯიშისთვის დამახასიათებელი მტევნების ზომის მანიშნებელია. გრძელმტევანა ყურადღების ცენტრში პირველა 1933 წელს მოექცა, როდესაც საქართველოს მევენახეობის რაიონების გამოკვლევისას სოფელ ბოდბისხევში იპოვეს. მევენახეობის ინსტიტუტის მიერ ამ ჯიშის შესწავლა – გადარჩენაში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად ჯიშს ინსტიტუტის გრძელმტევანა უწოდეს.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი, გვხდება სამნაკვთიანებიც. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი გრძელია და დატოტვილი, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის. თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოვალური. მომწვანო-მოყვითალო ელფერის. კანი თხელი აქვს, მაგრამ მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, მდნარი, ტკბილი, სასიამოვნო გემოთი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით.

გრძელმტევანა საშუალო ზრდის ვაზია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 124-159 დღის ფარგლებში მერყეობს და სრულ სიმწიფეს სექტემბრის შუა რიცხვებში აღწევს. მტევნის წონა 250-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 9,0-10,0 ტონა. სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-22%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5,5 – 9,4 გ/ლ-ს.

მიიღება მაღალი ღირსების ევროპული მშრალი ღვინო. იგი მოყვითალო ჩალისფერია, კრიალა, ნაზი, შინაარსიანი და ჰარმოიული. სასიამოვნოდ გამოკვეთილი ჯიშური არომატით და კარგი გემოთი, ხოლო დაძველების შემდეგ ღვინის ხარისხი საგრძნობლად უმჯობესდება.