23.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

თავკვერი

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: ქართლი.

სახელწოდება მიღებული აქვს მარცვლის ბოლო ნაწილის კვერთან (ნაცარში გამომცხვარი მჭადი) მსგავსების გამო. თავკვერის მარცვალი შებრტყელებულ-შეზნექილია და ძალიან წააგავს კვერს. თავკვერი ფართოდაა გავრცელებული შიდა ქართლში. აგრეთვე გავრცელებულია: აზერბაიჯანში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში და ყოფილ საბჭოთა კავშირის სხვა ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში.

სხვადასხვა ჯიშთან კუპაჟით თავკვერისაგან მზადდებოდა ე.წ. სამარკო ღვინოები.

თავკვერის მონაწილეობით გამოყვანილია ახალი ჰიბრიდული ჯიშები.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია, მხოლოდ ძარღვებზეა შესამჩნევი უმნიშვნელო შებუსვა. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომის, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ზოგჯერ ცილინდრული. უნვითარდება ერთი ან ორი ფრთა, რის გამოც რთული მტევნის შთაბეჭდილებას ტოვებს. კუმსია ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანი აქვს, გემო სასიამოვნო, მოტკბო-მომჟავო.

ჯიში საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 217-228 დღეა. მტევნის საშუალო წონა 190-200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 20,0-25,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, მჟავიანობა – 7,5-8,5 გ/ლ-ს. თავკვერისაგან მაღალხარისხიან ღვინოს ამზადებენ. ჯიშური და კუპაჟში გამოყენებული ღვინო ხასიათდება მსუბუქი სხეულით, საშუალო ან საშუალოზე მცირე ალკოჰოლით და ოდნავ მომატებული საერთო მჟავიანობით. თავკვერისგან დგება საინტერესო წითელი და მშრალი ან ვარდისფერი ღვინო ველური ვარდისა და წითელი ხილის სურნელით. განსაკუთრებით სასიამოვნოა ახალგაზრდა ღვინო.