21.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

მუჯურეთული

წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: რაჭა-ლეჩხუმი.

გავრცელებულია რაჭა-ლეჩხუმში, ძირითადად, ამბროლაურისა (58 ჰა) და ცაგერის (0,5 ჰა) მუნიცეპალიტეტებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის და მომრგვალოა ან მცირედ ოვალური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია სქელი აბლაბუდისებრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ხშირად მხრიანი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზმოისაა, ოვალური ან კვერცხისებრი ფორმის, ბოლო განიერი, მარცვლის ყუნწისკენ შევიწროვებული. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, დაფარულია სქელი ცვილისებრი ნაფიფქით, რაც სიმწიფეში მუქ იისფერ შეფერვას აძლევს. რბილობი მკვრივია, საკმაოდ ხორციანი და წვნიანი, ძალიან სასიამოვნო ტკბილი გემოთი და სუსტად გამო-ხატული ჯიშური არომატით.

ვაზი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 176-186 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 60-90 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-8,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 25-30%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-7 გ/ლ-ს.

მუჯურეთულისა და ალექსანდროულის კუპაჟით მიიღება მეტად ხარისხიანი და ორგინალური ბუნებრივად ნახევრად ტკბილ ღვინო „ხვაჭკარა“. ჯიშური ღვინო ხასიათდება ინტენსიური მუქი ლალისფერი შეფერვით, გამჭვირვალობით, სხეულით, სინაზით, ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური შეფარდებით, დიდი ჰარმონიულობით და მაღალი გემური მაჩვენებლებით.