წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: კახეთი.
სახელწოდება საფერავი ჯიშისთვის დამახასიათებელი თვისების აღმნიშვნელია და მიღებული აქვს იმის გამო, რომ მისი მარცვლები უხვად შეიცავს შემფერავ ნივთიერებებს.
მევენახეები ერთმანეთისგან ასხვავებენ: ნამდვილ საფერავს, დედალ საფერავს, მამალ საფერავს, ბუდეშურისებრ საფერავს, მსხვილმარცვალა საფერავს, წვრილმარცვალა საფერავს. ამ ვარიაციების ძირითადი ნაწილი გადარჩენილია.
ივანე ჯავახიშვილის ცნობით საფერავი თავიდან ძველ ქართულ ისტორიულ პროვინციაში, შავშეთ-კლარჯეთში ყოფილა გავრცელებული. ამის მიხედვით იგი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს – ძველი კოლხეთის კერიდან უნდა იყოს წარმოქმნილი, შემდეგ კი აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ გადმონაცვლებით საბოლოოდ კახეთში დამკვიდრდა.
საფერავი გავრცელებულია როგორც ჩვენ მეზობელ სახელმწიფოებში, ასევე ევროპაში, შუა აზიაში, ჩინეთში და სხვა. ყოფილ საბჭოთა კავშირში გავრცელებულ ჯიშებს შორის მეექვსე ადგილი ეჭირა და მისი ვენახები 3876 ჰექტარზე იყო გაშენებული. მრავალ ქვეყანაში ახალი სელექციური ჯიშების მისაღებად ერთ-ერთ მშობელ წყვილად გამოყენებული იყო საფერავი.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ კვერცხისებური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, არის ოდნავ დანაკვთული და მთლიანი ფოთლებიც. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საკმაოდ სქელია, უფრო ქეჩისებრია, ვიდრე აბლაბუდისებრი (ჰორიზონტალურად განრთხმული აბლაბუდისებრი და ვერტიკალურად მდგომი – ჯაგრისებური შებუსავ). ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური და ფუძესთან დატოტვილი, ზოგჯერ მხრების გადაზრდის გამო ფორმასაც კარგავს. საფერავის მტევანი ძირითადად მეჩხერია, მაგრამ საშუალო სიკუმსის მტევნებიც გვხდება. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, მუქი ლურჯი, თითქმის შავი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანი და მდნარია, სასიამოვნო ტკბილი, ოდნავ ხალისიანი გემოთი. წვენი შეფერილია.
საფერავი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი 155-დან 164 დღემდე გრძელდება და სექტემბრის მეორე ნახევრიდან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე მწიფდება. მტევნის საშუალო წონა 140-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10,0-15,0 ტონა. ყინვას საფერავი შედარებით კარგად უძლებს. ამ მხრივ ის დასავლეთ ევროპის ჯიშების შორის ერთ-ერთი საუკეთესოა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-26%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,5-8,5 გ/ლ-ს.
საფერავს მსოფლიოში არსებულ წითელყურძნიან ვაზის ჯიშებს შორის სამეურნეო დადებით ნიშან-თვისებათა (ღვინის მაღალი ხარისხი, უხმოსავლიანობა, ყინვაგამძლეობა, გარემო პირობებთან შეგუება და სხვა) მიხედვით კონკურენტი არ ჰყავს. “უნივერსალური ამპელოგრაფის” ავტორი ალექსანდრე პიერ ოდარი (Alexander Pierre Odart, 1778-1866) წერდა: ყველაფერი უფლებას მაძლევს ვიფიქრო, რომ წითელი ღვინის დასაყენებლად საფერავი ყველა არსებულ ყურძნის ჯიშს სჯობია”.
საფერავი საუკეთესო მასალას იძლევა ყველა ტიპის ღვინისთვის. მას აქვს ინტენსიური მუქი ბროწეულის ფერი, ზომიერი სხეული, ენერგია, სისრულე და სიხალისე. აგრეთვე თავისებური ჯიშური არომატი და ძლიერი ბუკეტი. შედარებით უფრო რბილი, სრული ჰარმონიული, ხავერდოვანი ღვინო დგება ალაზნის მარცხენა ღამეს, კავკასიონის მთისწინა ზოლში, საშუალოჩონჩხიან ალუვიურ-კარბონატულ და ალუვიურ არაკარბონატულ ნიადაგზე. ადგილობრივი, კახური ტიპის საუკეთესო, სხეულით მეტად მდიდარ, სრულ წითელ ღვინოებს საფერავი იძლევა ძირითადად ყავისფერ და მუქ ყავისფერ ტყის ნიადაგებზე.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი