03.12.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

საფენა

სინონიმი: დედათ ყურძენი.

თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

საფენა ძალიან წააგავს კახურ მწვანეს. სწორედ ამ მსგავსების გამო XIX საუკუნის ბოლოს კახურ მწვანეს ზოგი “მჭკნარას” ეძახდა, ზოგიც “საფენას”. სინამდვილეში საფენა კახური მწვანესგან საგრძობლად განსხვავდება და მისგან დამოუკიდებელი ჯიშია.

საფენა ფართოდ ყოფილა გავრცელებული ალაზნის მარცხენა მხარის სოფლებში: ფშაველში, ართანაში, სანიორეში, ნაფარეულში, ენისელში, შილდაში და სხვაგან. ამჟამად ერთეული ძირების სახითაა სხვა ჯიშის ვენახებში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური ფორმისკენ გადახრილი, ხუთნაკვთიანი, იშვიათად სამნაკვთიანი, ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო აბლაბუდისებრია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომის, განივკონუსური, დატოტვილი, ზოგჯერ მხრიანი. მხრის სიგრძე მტევნის ნახევრამდე აღწევს. გვხდება ცილინდრულ-კონუსური მტევნებიც. საშუალო სიკუმსისაა, ზოგჯერ მეჩხერიც. მარცვალი საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხშირად ასიმეტრიული. ყვითელია და მოვარდისფრო იერი დაჰკრავს. კანი თხელი და საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, მდნარი, სასიამოვნო და ჰარმონიული გემოთი და კარგად გამოსახული ჯიშური არომატით. ჯიშისთვის დამახასიათებელია წვრილმარცვლიანობა.

საფენა საშუალო ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 133-დან 158 დღემდეა. მტევნის წონა 80-დან 400 გრამადეა. საჰექტარო მოსავლიანობა 9,5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20,3-22,7%-ს, ხოლო მჟავიანობა – 5,7-7 გ/ლ-ს.

საფენასგან იშვიათად ამზადებენ ჯიშურ ღვინოს. მისი ღვინო არის რბილი, საშუალოდ ექსტრაქტული, ჰარმონიული და კარგად გამოხატული ჯიშური არომატით. ძირითადად გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინოების დასამზადებლად მწვანე კახურთან და რქაწითელთან ერთად.