თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: კახეთი.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უფრო ხშირად ოვალური, მაგრამ ოდნავ განიერი, ვიდრე მთლად ოვალური, სამი, იშვიათად ხუთნაკვთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრი და თხელი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი. მხრების სიგრძე ხშირად მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს, უფრო იშვიათად კონუსური ფორმის მტევნებიც გვხდება, საშუალო სიკუმსის ან კუმსი, ზოგჯერ მეჩხერი ან ძალიან კუმსი. მარცვალი საშუალოზე მცირეა, მომრგვალო, მომწვანო-მოვითალო ფერის. კანი თხელი და გამჭვირვალეა. უხვადაა დაფარული ცვილისებრი ფიფქით, რომელიც მარცვალს ნაზ მორუხო ფერს აძლევს. რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, ადვილად არ დნება, არც წიპწები ეცლება ადვილად. წვენი ტკბილია, გემო ნაზი აქვს, ჰარმონიული, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.
ჩიტისთვალა თეთრი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 129 დღიდან 157 დღემდე მერყეობს. მტევნის წონა 120-160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6,0-8,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18,3-22,4%-ს, ხოლო მჟავიანობა – 6-8 გ/ლ-ს.
ძირითადად გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ღია ჩალისფერია, დამახასიათებელი ჯიშური არომატით, ნაზი, ჰარმონიული გემოთი. მოსავლის აღების შესაბამისად, შეიძლება დამზადდეს ევროპული და კახური ტიპის სუფრის ღვინო. მაღალი ღირსების სუფრის ღვინოს იძლევა კახური წესით დაყენების დროს, რომელიც ევროპულზე უფრო მეტი სხეულითა და არომატულობით ხასიათდება. უახლოვდება იყალთო-რუისპირის კახური ტიპის ღვინოს.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი