თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: ქართლი.
სინონიმები: კასპური, კასპური თეთრი, ატენური.
ამ ვაზის სახელი მისი მარცვლის ფერის მაუწყებელია. სრული სიმწიფის პერიოდში ჩინურის ყურძენი მომწავანო-მოქარვისფრო ელფერს იღებს და ძალიან წააგავს ზითისხილის ფოთოლს, რომელსაც ძველად ქართლში „ჩინის“ სახელით მოიხსენიებდნენ.
თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, სახელწოდება ჩინური წარმოშობილია სოტყვა ჩინებულისგან. როგორც ჩანს, ამ ვაზისგან დამზადებული ღვინის მაღალი ხარისხის გამო მას ჩინებული ანუ ჩინური დაარქვეს.
კასპის მოსახლეობა ამ ვაზს „კასპური თეთრის“, „თეთრი ვაზის“ და „კასპურის“ სახელითაც მოიხსენიებს.
ძირითადად გავრცელებულია: გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის, ახალგორის ვენახებში. შედარებით მცირე ნარგავებად ან შერეული სახით გვხდება: დუშეთის, მარნეულის, გურჯაანის და თელავის მუნიცეპალიტეტებშიც. იგი გავრცელებული იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და მისი ყურძენი გამოიყენებოდა როგორც საუკეთესო საკუპაჟე მასალა რომელიმე დაბალხარისხიანი ღვინის ხარისხის ასამაღლებად.
ზრდასრული ფოტოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან ხუთნაკვთიანი ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე, ძარღვების გასწვრივ, მცირედ შებუსულია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული. ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის და ფრთიანი. საშუალო სიკუმსისაა ან კუმსი. მარცვალი სშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო ან ღია ქარვისფერი. საკმაოდ სქელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და საკმაოდ წვნიანია, სასიამოვნო ტკბილი გემოთი.
ჩინური საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 185-188 დღეა. იგი სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 172-185 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10-12 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-20,5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 9-10 გ/ლ-ს.
ჩინური მაღალხარისხიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშია. ევროპული წესით დაყენებული მისი მშრალი ღვინო ხასიათდება ლამაზი და ღია ჩალისფერი შეფერით, საკმაოდ სხეულით, შინაარსით, სინაზით. ალკოჰოლისა და მჟავიანობის ნორმალური თანაფარდობით. ასევე წარმატებით გამოიყენება მაღალხარისხიანი ცქრიალა ღვინის დასამზადებლად. ცქრიალა ღვინო მოჩალისფროა, სასიამოვნო სირბილითა და ხალისიანი მჟავიანობით. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ჩინურის მონაწილეობით დაყენებული ღვინო „ატენური“.
მსხვილმარცვალა
შავი ყურძენი
არაბეული თეთრი