წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია.
წარმოშობა: კახეთი.
მცირე ნარგავებადაა გავრცელებული კახეთში, ძირითადად გურჯაანისა და თელავის მუნიცეპალიტეტებში, აგრეთვე ქვემო ქართლში, ბოლნისისა და მარნეულის ვენახებში.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, უფორ ხშირად კი ოვალური ფორმის, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა სქელი ქეჩისმაგვარია. მტევანი საშუალო ზომისაა, განივკონუსური, მხრიანი, იშვიათად ძლიერ დატოტვილი, ზოგჯერ უფორმოც. ხშირად მხარის სიგრძე ძირითადი მტევნის ნახევარს აღწევს. უფრო ხშირად მტევნები საშუალო სიმკვრივისაა, იშვიათად საშუალოზე უფრო მკვრივი, გვხდება უფრო თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, მომრგვალო ან ოვალური. მუქი ლურჯია, თითქმის შავი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ნაფიფქით თხლად დაფარული. რბილობი ოდნავ მკვრივი და მდნარია, წვენი – შეუფერავი.
შავი ყურძენი საშუალო ზრდისა და მოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 150 დღეა, სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის, მტევნის წონა 120-240 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა – 7,0-8,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19,6-21%-ს, ხოლო მჟავიანობა – 4,9-6,45 გ/ლ-ს.
გამოიყენება სხვა წითელყურძნიან ჯიშებთან ერთად სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. მისგან დამზადებული ჯიშური ღვინო არის მუქი ვარდისფერი, მცირესხეულიანი და სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით. შესაძლებელია ადგილობრივად მისი სასუფრე ყურძნად გამოყენება. აგრეთვე პერსპექტიულია ყურძნის წვენის მისაღებად.
მსხვილმარცვალა
არაბეული თეთრი
თქვლაფა შავი