24.11.2024

1011 – დან

ალავერდის მონასტრის მარანი

ბუერა

თეთრყურძნიანი საღვინე და სასუფრე ვაზის ჯიშია.

წარმოშობა: კახეთი.

სინონიმი: ბუერო ვაზი, ბუერა ვაზი, ბუა ყურძენი, საჩურჩხელე, გავაზურა.

ამ სახელის შერქმევით ადგილობრივი მევენახეების ვაზის ბიოლოგიური თვისება აღუნიშნავთ. მართლაც, ეს ჯიში იფურჩქნება და იბურება. მისი ყლორტები კი განზე გადის და ქვემოთ ეშვება. ძველად მისი სახელწოდება ყოფილა ბუერა-ვაზი. შულავერში ერქვა „სარი საჩაღი“ (Sari – ყვითელი, sacagi-ფოჩი), ხოლო ბორჩალოში მცხოვრებმა გერმანელმა კოლონისტებმა უწოდეს „როლბეერ“ (Roll – მრგავალი, Beer – კენკრა).

ბუერას ნერგები თავის დროზე გაიტანეს საზღვარგარეთ და გაავრცელეს ყოფილი საბჭოთა კავშირის ღვინის მწარმოებელ ყველა რესპუბლიკაში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური ფორმის, სამნაკვთიანი, ზოგჯერ ხუთნაკვთიანიც. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ცვალებადია. ვაზზე ვხვდებით როგორც ოდნავ ჯაგრისებრად შებუსულ, ისე თითქმის სრულიად შიშველ და ჯაგრისებრად სქლად შებუსულ ფოთლებს. ყვავილი ორსქესიანი. მტევანი საკმაოდ დიდი ზომისაა,  ცილინდრულ-კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის ან კუმსი, იშვიათად მეჩხერი მტევნები. მარცვალი მსხვილი და საშუალოზე მსხვილია, ოვალური, იშვიათად გვხდება მრგვალი ფორმის მარცვლებიც, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი ოდნავ მკვრივია, მდნარი, ტკბილი გემოთი. გვხდება ოდნავ მომჟავო მარცვლებიც.

ბუერა საშუალოზე ძლიერი ზრდისა და უხმოსავლიანი ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 1 38 – 164 დღეა. ვაზის სიმწიფის ფაზა 10-20 სექტემბერია. მტევნის წონა 160-500 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა – 10,0-12,0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19 %-ს, ხოლო მჟავიანობა – 7,8  გ/ლ-ს.

მიიღება ევროპული ტიპის სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, რომელსაც აქვს ჩალისფერი შეფერვა, სუსტად გამოხატული არომატი, ნაზი, ჰარმონიული გემო და ხალისიანი სიმჟავე. იგი აგრეთვე საუკეთესო საკუპაჟე მასალაა მაღალალკოჰოლიანი, მძიმე და უხეში ღვინოების გასაუმჯობესებლად. იძლევა სასუფრე ყურძენს და შესანიშნავ მასალას უალკოჰოლო  ყურძნის წვენისა და საბრენდე სპორტის დასამზადებლად.