ქართული ღვინო ქართველმა უნდა დააყენოს!

ამგვარი მოწოდება მკითხველს, შესაძლოა პრეტენზიული ან გაზვიადებული მოეჩვენოს, მაგრამ ამთავითვე აღვნიშნავთ, რომ მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყნების მეღვინე-სპეციალისტებისა და მეცნიერებისათვის აქსიომატურია ის ჭეშმარიტება, რომ ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, ესპანურ ღვინოებს ფრანგი, გერმანელი, იტალიელი და ესპანელი მეღვინეები უნდა აყენებდნენ. იმ ქვეყნებში ამაზე არ დაობენ. წერილის სათაურიდან და დასაწყისიდან მკითხველი ალბათ მიხვდა, რომ ჩვენში შესაძლოა სხვაგვარად ფიქრობენ და სწორედ ამან გამოიწვია საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტების შეხსენება. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენში ჯერ-ჯერობით ყველა ასე არ ფიქრობს, მაგრამ სამწუხაროდ უცხოელთა ხელშემყურეობის ტენდენცია თანდათანობით იკიდებს ფეხს.

დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა ქვეყნები და ხალხები მჭიდროდ დააახლოვა ერთმანეთთან და ურთიერთზეგავლენის ალბათობები საგრძნობლად გაიზარდა. ამგვარი ზეგავლენის გაძლიერება პატარა ქვეყნებისთვის განსაკუთრებულად საშიში და საფრთხილოა, განსაკუთრებით კი ისეთი ტრადიციული მევენახეობა-მეღვინეობის მქონე ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, რამეთუ ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის გაევროპელების რისკი საქართველოსთვის საკმაოდ მაღალია. რა დაცვის მექანიზმები აქვს საქართველოს თანდათანობით რეალიზებადი გაევროპელების საფრთხისაგან? გამოკვეთილი პოზიცია და პოლიტიკა ჩვენში თითქმის არ არსებობს. ვფიქრობთ, ორი რამ უნდა განაპირობებდეს დამცავი სტრუქტურის შემუშავებას _ პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი. მაგრამ ეს ორი უმთავრესი პოსტულატი რამდენად არის განსხეულებული ჩვენს ყოფიერება-ცნობიერებაში? პირდაპირ ვიტყვით, რომ ეს პრობლემა ჯერ კიდევ XIX საუკუნიდან მომდინარე სატკივარია. ჩვენთვის ეს არახალია, ძველია. წმინდა ილია მართალი არწმუნებდა და არწმუნებს დღესაც ქართველობას: "თითქმის არც ერთი ვენახის პატრონი გლეხი არ არის ჩვენში, რომ ამ საგანზედ ჭკვად მისაღები დარიგება და რჩევა არ მოგცეთ. ამ მხრით ჩვენებური გლეხი ევროპიელ მეცნიერსაც კი აჯობებს, იმიტომ, რომ მიწათმოქმედებაში საერთოდ და ვენახობის საქმეში ცალკე გამოცდილება დიდი რამ არის და ჩვენებური გლეხი ევროპიელს მეცნიერზედ გამოცდილებით მეტისმეტად წინ იქნება, იმიტომ, რომ ადგილის კაცია."

ილია ჭავჭავაძე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადგილობრივი მეურნის გამოცდილებასა და პრაქტიკულ ცოდნას, რაც საუკუნეთა მანძილზე გროვდებოდა 2 და თაობიდან თაობას გადაეცემოდა დახვეწილი ტრადიციების სახით. მევენახის საქმიანობას ეხება თუ მეღვინისას, ილია წინა პლანზე აყენებს ხოლმე `ადგილის კაცის" _ როგორც ფასდაუდებელი მუშაკისა და მიწის დიდი მესაიდუმლის პრიორიტეტს.

ილია ჭავჭავაძე სამეურნეო საქმიანობის წარმატების საწინდრად სწორედ ადგილობრივი გამოცდილების გათვალისწინება და გამოყენება მიაჩნია. ჩვენ ვიცით, რომ მეცხრამეტე საუკუნის საქართველოში მრავალი ევროპელი და რუსი მოხელე აქტიურ სამეურნეო საქმიანობას ეწეოდა, მაგრამ ბევრი მათგანი, რომელიც უგულებელყოფდა ადგილობრივ გამოცდილებას, წარმატებას ვერ აღწევდა. ამის თაობაზე ილია წერდა: "რომელ ევროპელსაც თავის საქმიანობაში წინ არ წარუმძღვარებია ჩვენებური გამოცდილება და თავისი ჭკუით გაუშენებია ვენახი, მალევე ამოვარდნილაო." იმის გამო, რომ ჩვენში ზურგი შეაქციეს მაღალპროფესიონალ გამოცდილ კადრებს და მოხდა მათი ჩანაცვლება გამოუცდელი ახალგაზრდებით, რამაც ერთგვარი წყვეტა გამოიწვია თაობათა შორის, გამოცდილ პროფესსიონალს არავინ უსმენს და არად დაგიდევენ მის გამოცდილებას. არადა, მევენახეობა-მეღვინეობა თავისი ბუნებით კონსერვატული დარგებია, სადაც ტრადიციების, გამოცდილებისა და ცოდნის გადაცემას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენში ეს არ შედგა. ამიტომ გამოცდილების შევსება ხშირად უცხოელებზე პასუხისმგებლობის დაკისრებით ხდება, არადა უცხოელ სპეციალისტს არასოდეს ექნება სურვილი და ინტერესი ჩასწვდეს ეროვნულ ტრადიციებს და მასზე დააფუძნოს თავისი საქმიანობა. ქართული ღვინო რომ დააყენო, ქართველი უნდა იყო. მკითხველი ნუ გაგვიგებს ისე, თითქოს ჩვენში არ არიან გამოცდილი და დარგის პატრიოტი სპეციალისტები, რომლებიც უფრთხილდებიან ქართული ღვინის ღირსებას, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გაიტანეს ქართული ღვინო და საკმაოდ წარმატებითაც, მათ დასახელებას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე აქ არ შევეცდებით, მაგრამ სამწუხაროდ მათი რიცხვი მცირეა. საერთო სურათის მიხედვით კი ქართული მევენახეობა-მეღვინეობა ასცდა განვითარების ტრადიციულ გზას და ადვილად ხდება მოძალებული უცხოური გავლენის მსხვერპლი.

ჩვენ, ქართველებს მადლობის მეტი რა გვეთქმის ევროპელი და ამერიკელი სპეციალისტების, ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც გვიწვდიან დახმარების ხელს. დიდია მათი დაინტერესება ქართული ვაზის ჯიშებით და ღვინით, ვინაიდან საქართველო მიჩნეულია კულტურული მევენახეობისა და მეღვინეობის აკვნად. მაგრამ ჩვენ თავად რას ვაკეთებთ საიმისოდ, რომ ჩვენი ქმედება ადექვატური იყოს 3 ამ დიდი ყურადღებისა? მსოფლიო ბანკის მიერ წამოწყებული ინსტიტუციური რეფორმა წლების მანძილზე წარმატებით ხორციელდებოდა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში. დღეს კი ამერიკელების მიერ შედგენილია ქართული მევენახეობა-მეღვინეობის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც ქართველმა სპეციალისტებმა ძირითადად უარყოფითად შეაფასეს. ხოლო სამინისტროს ხელმძღვანელობამ ეს გეგმა თაროზე შემოსადებად გასწირა. მართალია ეს გეგმა არ იყო სრულყოფილი, არ ჩანდა მასში სტრატეგიული განვითარების ასპექტები, მაგრამ მართებულად იყო შეფასებული სამეცნიეროსასწავლო სფეროების არსებული მდგომარეობა და ინსტიტუციური რეფორმების საჭიროება, განსაკუთრებით საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის როლი და მნიშვნელობა ამ საქმეში. შამწუხაროდ, "გეგმის" დადებითი მხარეებიც თაროზე იქნა შემოდებული. ამ დაწუნებული პროექტის შედგენაში რომ სოლიდურ თანხას გადაუხდიდა უცხოელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეჭვგარეშეა. საინტერესოა, რას ემყარება არჩევანი იმ ადამიანებისა, რომლებსაც ესოდენ სერიოზული პროექტის შედგენას ვანდობთ? უნებლიეთ გვახსენდება, თუ რა ბედი ეწია "თასის"-ის მიერ 1993-94 წლებში შედგენილ საქართველოს სოფლის მეურნეობის აღორძინების პროგრამას. ეს პროექტი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სერიოზული განხილვის გარეშე ასევე დაიწუნა. სოლიდური თანხა მაშინაც უშედეგოდ დაიხარჯა. მევენახეობა სოფლის მეურნეობის განუყოფელი და ორგანული ნაწილია, მთლიანი ორგანიზმის ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. მაშინ, როცა სოფლის მეურნეობა დაძაბუნებულია და ფეხზე ვერ დგება, როგორ უნდა წარმოვიდგინოთ მისი ერთი ნაწილის გამოცოცხლება და გაჯანსაღება? ჯერ სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს სახელმწიფო პოლიტიკის ობიექტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი სოფლის მეურეობისა და კერძოდ, მევენახეობამეღვინეობის აღორძინებისათვის რეალური გზების გამოძებნა. მაგრამ ჩვენი გულისტკივილი იმაშია, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეს ქართველები არ თავობენ. ჩვენი პრობლემები, ჩვენი სატკივარი, ჩვენი ტრადიციები განა ჩვენზე მეტად ამერიკელმა იცის? ვერც ერთ უცხოელს ვერ ექნება მევენახის ის გენეტიკური კოდი, რომელიც ქართველ მევენახე-მეღვინეს აქვს. ეს ყველაფერი რომ გაგაჩნდეს, ქართველად უნდა დაიბადო, ქართულ წიაღში აღმოცენდე და შენი, ათასწლეულებში ჩამოყალიბებული ვაზი შვილივით უნდა გიყვარდეს. ჩვენ, სამწუხაროდ, დავკარგეთ ინიციატივა, "ადგილის კაცის" ფუნქცია და სხვადასხვა 4 ინტერესებით მოსული უცხოელი საითკენაც სურს, იქითკენ მიგატრიალმოგატრიალებს. ჩვენ კი მცონარობის განცხრომაში ვიმყოფებით.

ჩვენი მევენახეობა-მეღვინეობის მტკივნეული თემაა "კანონი ვაზისა და ღვინის შესახებ", რომელიც 1998 წელს დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. მას შემდეგ ათ წელზე მეტმა განვლო, მაგრამ თითქოსდა ძალაში შესული კანონი უილაჯო გამოდგა, კანონის მოთხოვნები არ სრულდება, გარდა ამისა, ამ ათი წლის განმავლობაში ვისაც როგორ მოესურვა, ისე შეცვალა, გადააკეთგადმოაკეთა კანონის მუხლები. საბოლოოდ მივიღეთ ის რომ, კანონში დაფიქსირდა ერთმანეთის გამომრიცხავი პოზიციები და მოთხოვნები, რაზედაც სხვათა შორის, სამართლიანად მიუთითებენ "სტრატეგიული განვითარების გეგმის" შემქმნელი ამერიკელი სპეციალისტები. ამავე დროს კანონში დაშვებულია ჩვენი მეღვინეობისათვის მიუღებელი, ყოვლად გაუმართლებელი მოთხოვნები და პარამეტრები. ასე, მაგალითად, კანონში თავდაპირველადვე იქნა დაშვებული სუფრის ღვინისათვის მოცულობითი სპირტშემცველობის ქვედა ზღვარი _ 9 მოც.% _ ოდენობით. ამ სპირტშემცველობის ღვინის მისაღებად ყურძნის შაქრიანობა უნდა იყოს 15.0-15.5 %, რაც ხარისხოვანი ღვინოების მქონე ქართული მეღვინეობისათვის ნონსენსია. სად იკრიფება საქართველოში 15 %-იანი შაქრიანობის დროს ყურძენი, თუკი დაიკრიფა კიდეც, ყურძენი არაკონდიციური იქნება და მისი გადამუშავებით მიღებული ღვინო კი ასევე არაკონდიციური და უხარისხო დადგება.

წყნარი ღვინოებისათვის დასაშვები საქაროზის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, ახალი ნორმით, 6 გ/ლ-ს. რჩება შთაბეჭდილება, რომ საქაროზის ზღვრული შემცველობის დამდგენი და დამამტკიცებელი ნაკლებად ერკვევა ან სავსებით არ იცნობს ღვინის ქიმიურ შემადგენლობას. საქაროზის ამ ნორმის დადგენა მოასწავებს საქაროზის გამოყენების ალბათობის ზრდას ფალსიფიცირებული ღვინოების დასამზადებლად.

დაყვანილი (უშაქრო) ექსტრაქტის შემცველობის მინიმალურ ზღვრად დადგენილია 15 გ/ლ. გაუგებარია ექსტრაქტის შემცველობის ზღვრული მაჩვენებლის ესოდენ შემცირება. ქართული მეღვინეობისათვის ეს ნორმა ძლიერ დაბალია და შესაძლოა ფალსიფიკაციის ხელშემწყობ ფაქტორად იქცეს. გარკვეულ ეჭვს იწვევს აგრეთვე აქროლადი მჟავიანობის შემცველობის მეტად დაბალი მინიმალური რაოდენობა _ 0.12 გ/ლ.

47 წლის წინ საქართველომ უმასპინძლა მევენახეობისა და მეღვინეობის X საერთაშორისო კონგრესს, იმხანად ბევრი ჰქონდა საჩვენებელი საქართველოს და 5 ღვინო ღვინობდა კიდეც, 2010 წელს საქართველოში ტარდება მევენახეობამეღვინეობის საერთაშორისო კონგრესი. ამ ხნის მანძილზე ქართულმა მევენახეობა-მეღვინეობამ კატასტროფა განიცადა. რა უნდა ვაჩვენოთ დღეს მაღალი რანგის უცხოელ სპეციალისტებს, გაპარტახებული და შოკში მყოფი მევენახეობამეღვინეობა, უილაჯო მევენახე გლეხობა, უმოძრაო ღვინით სავსე საწარმოები თუ ფრთებშეკვეცილი, ქონებაწართმეული და დამცრობილი ეროვნული სამეცნიერო ცენტრი _ მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი, გაუქმებული ვაზისა და ღვინის ისტორიულ-ეთნოგრაფიული და სამეცნიერო მუზეუმი თუ გაყიდული მევენახეობა-მეღვინეობის თელავის საცდელი სადგური? გავერანებული, აჩეხილი ხეხილისა და ვაზის ვაშლიჯვრის ექსპერიმენტული ბაზა, სადაც გენოფონდის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით გაშენებული იყო ქართული ვაზის გენოფონდი _ 400-მდე აბორიგენული ვაზის ჯიშით, დღეს აღარ არსებობს არც ბაზა და არც ვაზის კოლექცია. არის კი მზაობა იმისა, რომ მებარეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის მეცნიერული პოტენციალი ღირსეულად იქნას წარმოდგენილი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო კონგრესზე?

ქართული მეღვინეობის უმტკივნეულესი საკითხია სიახლეთა უკონტროლო შემოტანა და ხმარება ღვინის წარმოებაში, მათ შორის ხაზგასასმელია საფუვრის წმინდა კულტურები, ენზიმური პრეპარატები, დამწმენდი საშუალებები, ექსტრაქტები და სხვა მასალები. ჩვენში ბევრს ჰგონია, რომ რადგან პრეპარატი უცხოურია, ის აუცილებლად კარგი იქნება და იყენებენ მასობრივად ყოველგვარი შეფასებისა და შემოწმების გარეშე. უცხოურმა (ფრანგულმა, გერმანულმა, იტალიურმა) საფუვრის წმინდა კულტურებმა დაუკარგა ჩვენს ღვინოებს ჩვეული, ორიგინალური არომატი და გემო, რამაც ჩვენს მომხმარებელს დაუქვეითა ჭეშმარიტი ღვინის შეცნობისა და შეფასების უნარი. დღეს ერთგვარ მოდად იქცა ღვინის დაყენების ევროპული წესების შემოტანა და დანერგვა. ასე გასინჯეთ, აკაციის კასრებშიც კი ავარგებენ ქართული ვაზის ჯიშების ყურძნისაგან მიღებულ ღვინოებს, ვითომდა მათი გაკეთილშობილების მიზნით. ამგვარი მცდარი გზა ჩვენში უკვე გამოვლილია. გ. ი. ლენცი 1836-1846 წლებში ასევე ცდილობდა გაეკეთილშობინებინა რქაწითლის, კახური მწვანის, ხიხვის, მცვივანის ღვინოები და მათში ურევდა ევროპული მუსკატური ჯიშების ყურძენს, მაგრამ ის რუსი მოხელე იყო და როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ ჩასწვდა ქართულ სინამდვილეს და ვერ გაერკვა ამგვარი ქმედების უაზრობაში. მაგრამ ქართველებს რა გვემართება? სწორედ ამაზეა ნათქვამი: "თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა მაჟალოსო".

როცა წმინდა ილია მართალი ქართულ სინამდვილეში ევროპულ სიახლეთა გადმოტანის საჭიროებაზე ლაპარაკობდა, იგი ორ ასპექტში განიხილავდა ევროპელ მეცნიერთა საქმიანობას: 1. გადაჭრით უარყოფდა მათს ცდებს ყურძნის ღვინოში გარეშე ნივთიერებების შეტანის თვალსაზრისით, რასაც გაყალბებად, ფალსიფიკაციად თვლიდა. ამდენად ეს მხარე ევროპელ მეცნიერთა მოღვაწეობისა ქართული სინამდვილისათვის მიუღებლად მიაჩნდა. 2. დადებითად აფასებდა ევროპელ მეცნიერთა იმ მიღწევებს, რომელთა დანერგვა ჩვენში გაამარტივებდა და გააიოლებდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიურ პროცესებს, შეამსუბუქებდა უშუალო მწარმოებლის, მიწათმოქმედის შრომას და ეფექტიანს გახდიდა სასოფლო-სამეურნეო წარმოებას. სწორედ ამ თვალთახედვით აკრიტიკებდა წმინდა ილია მართალი უცხოთა ბრმად მიბაძვის ტენდენციას აყოლილ ჩვენებურ მეცნიერებს. როგორც წმინდა ილია მართლის დარიგებებიდან ვგებულობთ, წარმატებული სამეურნეო საქმიანობისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია მცოდნე და გამოცდილ ადამიანებს, "ადგილის კაცებს", უცხოურ სიახლეთა გონივრულ გამოყენებას.

ქართულ მიწათმოქმედებაში სიახლეთა შემოტანის მსურველთ ილია აფრთხილებდა, რომ ზედმიწევნით შეესწავლათ და გაეთვალისწინებინათ ადგილობრივი მიწათმოქმედების გამოცდილება, დაკვირვებოდნენ, როგორ ბუნებასა და ხალხთან ჰქონდათ საქმე და ამის შემდეგ აეწონ-დაეწონათ თავიანთი განზრახვისა და სურვილის განხორციელების მიზანშეწონილობა. წინააღმდეგ შემთხვევაში "ერთ ნაბიჯსაც უმარცხოდ ვერ გადასდგამენ".

სამწუხაროდ, წმინდა ილია მართლის დარიგებები დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა."

თეიმურაზ ღლონტი
ალავერდის მონასტრის მარნის
კონსულტანტი-ენოლოგი. ტექნიკის
მეცნიერებათა დოქტორი

www.vine-wine.ge