ქართული ქვევრის ტრადიციული ღვინის დიდი საერთაშორისო აღიარება

"და იწყო ნოე კაცმან საქმედ ქუეყანისა და დაასხა ვენახი და ღვინო მისგან და დაითრო" (დაბადება 8,20,21), გვამცნობს ბიბლია და შეგვახსენებს, რომ წარღვნისშემდგომი ცივილიზაციის საწყისი ვაზია, მაგრამ ნოე თავისი სახლეულით, წარღვნამდელი პროტოიბერიული ანუ მედიტერანული ცივილიზაციიდან მოდის და ამდენად, ვაზიც და ღვინოც წარღვნამდელი ცივილიზაციის ნაყოფად უნდა მივიჩნიოთ.

ქართული ღვინის ისტორია სწორედ წარღვნამდელი ეპოქიდან, ნეოლითის ხანიდან იწყება, ქართული ღვინო 8000 წლისაა. ამას სამხრეთ საქართველოში შულავერის კულტურის არქეოლოგიური მდიდარი და მრავალფეროვანი მასალები მიგვანიშნებს (ძვ. წ. VI-IV ათასწლეულები).

ქართული ღვინო პოპულარული იყო ქართველთა მეზობელ რეგიონებში როგორც საუკეთესო.

საქართველო თანამედროვე მსოფლიოში აღიარებულია კულტურული მევენახეობა-მეღვინეობის აკვნად. ალბათ, ამ გარემოებამ გადააწყვეტინა მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ორგანიზაციას 33-ე მსოფლიო კონგრესის თბილისში ჩატარება. რიგით მე-10 კოგრესი ასევე თბილისში ჩატარდა, ეს იყო 1962 წელს. კონგრესებს შორის 48 წელმა განვლო. ამ პერიოდში საქართველოში პოლიტიკურ-ეკონომიკური ფორმაციის ცვლილებების ფონზე მევენახეობა-მეღვინეობაში არაერთმა უმწვავესმა პრობლემამ იჩინა თავი, რომლებიც დღესაც დაუძლეველია. ამდენად, დიდი იყო მოლოდინი _ როგორ აღიქვამდნენ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოსული მეცნიერ-სპეციალისტები და სტუმრები ქართულ მევენახეობა-მეღვინეობას, რა იქნებოდა მათთვის ახალი და მისაღები.

კონგრესის სამუშაო პროგრამა მეტად ტევადი და დატვირთული იყო

სამწუხაროდ, ქართული მეღვინეობის ევროპეიზაციის მცდელობის ფონზე ერთგვარად ჩრდილშია მოქცეული ტრადიციული მეღვინეობა, იგნორირებულია სხვადასხვა ტიპის ღვინის დაყენების ტრადიციული ტექნოლოგიები, მაგრამ საბედნიეროდ, 2005-2006 წლებში კომპანია "ბადაგონი"-ს მხარდაჭერით აღდგენილ ალავერდის მონასტრის მარანში 2007 წელს უკვე დაყენებული იყო ქვევრებში კახური ტიპის ღვინო ტრადიციული ტექნოლოგიით. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დოქტორმა დონატო ლანატიმ ამ ღვინის დაყენების ტექნოლოგიას "ზეენოლოგია" უწოდა. კონგრესის მუშაობის დღეებში ქართული ღვინის ისტორიასა და ტრადიციულ ტექნოლოგიებზე განსაკუთრებულად გამახვილდა ყურადღება ხოლო ალავერდის მონასტრის მარნის ტრადიციული ტექნოლოგიით ქვევრებში დაყენებულმა ღვინომ გაჰფანტა ბურუსი, კონგრესის მონაწილეებს დაანახა ქართული ღვინის ჭეშმარიტი სახე, ალავერდის მონასტერში კონგრესის მონაწილეთა სტუმრობისას ქვევრის კახური ღვინო წარმოჩინდა მთელი თავისი ბრწყინვალებითა და დიდებულებით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვევრზე, როგორც უძველეს ქართული ღვინის დასადუღებელ, დასავარგებელ და შესანახ ჭურჭელზე. მეტად ნიშნეული იყო ის, რომ უცხოელ სტუმართა ცნობიერებაში ღრმად ჩაიბეჭდა ქართული სიტყვა _ "ქვევრი" ნაცვლად ამფორისა.

მსოფლიო კონგრესს ერთი თვით ადრე წინ უსწრებდა ლონდონსა და თბილისში ჩატარებული პრესტიჟული კონკურსები. ალავერდის მონასტრის მარანში კასრებში დაყენებულმა 3 წლიანმა საფერავმა და ქვევრში დაყენებულმა ტრადიციულმა კახური ტიპის ღვინომ უმაღლესი ჯილდოები დაიმსახურეს. ჟურნალ _ "დეკანტერი"-ს მიერ ლონდონში ჩატარებული კონკურსები მაღალპრესტიჟულია. წლევანდელ კონკურსზე წარმოდგენილი იყო 11000-მდე ღვინის ნიმუში. ქართული ღვინის მაღალი პრესტიჟის აღიარება გახლავთ ალავერდის მონასტრის მარნის "საფერავი"-ს ღვინის მიერ მოპოვებული რეგიონალური დიდი ოქროს მედალი _ "გრან-პრი". ხოლო ამავე კონკურსზე ქვევრის კახური ტიპის ღვინომ ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ კახური ტიპის ღვინო მსოფლიოსათვის უცნობია, ბრინჯაოს მედლის მოპოვება მეტად საპატიოა. თბილისში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებულ დახურულ კონკურსში მონაწილეობდნენ დეგუსტატორები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან. აქ კახური ტიპის ქვევრის ღვინო დაჯილდოვდა ოქროს მედლით, საფერავის ღვინო კი ვერცხლის მედლით.

ეს მაღალი ჯილდოები არა მარტოოდენ ალავერდის მონასტრის მარნის უდიდესი მიღწევაა, არამედ ეს მოვლენა უპირველეს ყოვლისა ორიგინალური, თავისთავადი ქართული ღვინოების მაღალი რეპუტაციის დადასტურება და აღიარებაა მსოფლიო სარბიელზე. ალავერდის მონასტრის მარნის საქმიანობა კი ტრადიციული ქართული ღვინის აღორძინების პირველი და მძლავრი ნაბიჯია, რამაც სტიმული უნდა მისცეს ქვევრებში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიციის აღდგენას.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ "მეურნეობის ტრადიციული დარგების აღდგენისა და წარმოების მაღალესთეტიკური დონისათვის" ალავერდის მონასტერს სპეციალურ პრიზთან ერთად დიპლომა გადასცა.

ღრმად სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ქართული ტრადიციული მეღვინეობის აღორძინებას ალავერდის მონასტერში ჩაეყარა საფუძველი, ქრისტიანობამ ხომ ისტორიულად დიდი წვლილი შეიტანა ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებაში.

უღრმესი მადლობა უნდა გადავუხადოთ სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს მეუფეს ილია II-ს ლოცვაკურთხევისა და ტრადიციული სამეურნეო საქმიანობაში აღმოჩენილი დიდი ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის, ალავერდის ეპარქიის წინამძღვარს, აბბა ალავერდელ მიტროპოლიტს დავითს უდიდესი ძალისხმევისათვის, რითაც იგი დღენიადაგ წარმატებით უძღვება ტრადიციული მეურნეობის აღორძინების საქმეს. დიდი მადლობა ალავერდის მონასტრის მამებს, თავდაუზოგავი ღვაწლისათვის.

ჩვენთან არს ღმერთი!

 

თეიმურაზ ღლონტი
ალავერდის მონასტრის მარნის
კონსულტანტი-ენოლოგი. ტექნიკის
მეცნიერებათა დოქტორი

www.vine-wine.ge