ექსპო ჯორჯია 2012

2012 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში”გაიმართა ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა,რომელზეც სხვადასხვა კომპანიის ღვინოსთან ერთად წარმოდგენილი იყო ჩვენი მონასტრის ქვევრის ღვინოები. თეთრი მშრალი ღვინო (ქვევრის)-ის კატეგორიაში „ალავერდის მონასტრის მარანი 1011 წლიდან“ქისი 2010, ოქროს მედალი დაიმსახურა.

2012 წლის 22-24 სექტემბერს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპოჯორჯიაში” ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეხუთე საერთაშორისო გამოფენა „WinExpo GEORGIA 12“ გაიმართა. გამოფენა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფის - “ემ ჯგუფის”, ასოციაცია “ქართული ღვინოსა” და ღვინის კლუბის მხარდაჭერით ჩატარდა. საინფორმაციო მხარდაჭერას ახორციელებდნენ რადიო ფორტუნა და ფორტუნა პლიუსი, ჟურნალი “პირველი კულინარი”, გაზეთები “ჯორჯია თუდეი”, “ყვითელი ფურცლები“ და “Welcome to Georgia”.


ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 70-მდე სხვადასხვა ორგანიზაცია სასმელებითა და სხვა პროდუქტებით. ქვევრის ღვინის მწარმოებლების კუთხეს ამშვენებდა დევიზი „ქვევრში გადანახული უძველესი გემო და სურნელი“.

დამთვარიელებლებს ღვინოებთან ერთად შეეძლოთ ეხილა შუშხუნა ღვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის ტექნიკა, ნერგები, აქსესუარები, ასევე გაესინჯათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დამზადებული მონასტრის ყველი. ფესტივალს სტუმრობდნენ ღვინის ექსპერტები, სომელიები, ღვინის ჟურნალისტები, დისტრიბუტორები იტალიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან, ბალტიისპერეთის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

WinExpo GEORGIA 12-ის ფარგლებში ჩატარდა ღვინის მე-4 საერთაშორისო კონკურსი. ღვინის ნიმუშები შეაფასა საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა ენოლოგების, ცნობილი ღვინის ჟურნალისტებისა და სპეციალისტების შემადგენლობით. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ფელისიტი კარტერი (ღვინის სპეციალისტი და ჟურნალისტი), ჟურნალ “Wine Business International”- ის მთავარი რედაქტორი (ავსტრალია), ვალტერ ებერენცი (ღვინის სპეციალისტი და ჟურნალისტი, გერმანია), მარტინ მარიანი (მეღვინე, ღვინის თემაზე მომუშავე ჟურნალისტი და ჩეხეთის სომელიეთა ასოციაციის წევრი, ჩეხეთი). ლევან მეხუზლა (ღვინის სპეციალისტი, საქართველოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე), გიორგი სამანიშვილი (სპეციალისტი). კონკურსის თავმჯდომარე გახლდათ ენოლოგი, დოქტორი გეორგ ბინდერი.

 დეგუსტაციაში მონაწილეობდა 22 კომპანია და წარდგენილი იყო 63 ღვინო შემდეგ კატეგორიებში: თეთრი მშრალი, წითელი მშრალი, თეთრი ქვევრის, წითელი ქვევრის, წითელი ნახევრად ტკბილი ღვინოები. გამარჯვებულ კომპანიებს შორის არიან: "თბილვინო", "Schuchmann Wines Georgia”; “Chateau Mukhrani”; "მეღვინეობა ხარება", “Eristavi Winery”; "ხოხბის ცრემლები", "GWS"; "WineMan"; "შუმი"; "ბესინი"; "Kakhetian Tradiitional Winemaking"; "უსახელაურის ვენახები" და “ალავერდის მონასტრის მარანი 1011 წლიდან“.

საგამოფენო ცენტრ“ექსპო ჯორჯია“-ში საერთაშორისო ღვინის გამოფენა ყოველწლიურად, შემოდგომაზე ტარდება.